29 სექტემბერი 2026,   01:19
ვრცლად
"ამ ომში ჩაბმა, ეს იყო საბედისწერო შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების. ხელისუფლებას ემოციური მდგომარეობისთვის უნდა გაეძლო" - ირაკლი ბათიაშვილი აფხაზეთის შესახებ

"ამ ომში ჩაბმა იყო საბედისწერო შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში "დებატებ" აფხაზეთის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ბათიაშვილის თქმით, ის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, მაშინდელ ხელისუფლებას აფხაზეთში ჯარის შეყვანის წინააღმდეგ აფრთხილებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ეს რუსეთის მხრიდან მომზადებული ხაფანგი იყო.  

"ჩვენ სამშობლოს ვიცავდით გარე აგრესიისგან, თუმცა თავიდან მინდა ვთქვა, რომ ამ ომში ჩაბმა, ეს იყო საბედისწერო შეცდომა მაშინდელი ხელისუფლების. წამოგება, კიდევ ერთ ხაფანგში შეყოფა თავის - ეს სერიოზული შეცდომაა.

სხვათა შორის, უშიშროების დახურულ სხდომაზე მე გავაჟღერე მთელი სამსახურის, ჩემი პოზიცია. კოლეგია შევკრიბე წინასწარ, ეს იყო გამოცდილი გენერლები, რომლებმაც თქვეს, რომ ეს არის ხაფანგი, მერე დაიძვრება რუსეთის მთელი ძალები. მე და ავთანდილ იოსელიანი მივედით უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ვთქვით, რომ ჩვენი კატეგორიული პოზიცია არის, არავითარ შემთხვევაში ჯარის შეყვანა აფხაზეთში არ [შეიძლება].

გაუსაძლისი ვითარება იყო აფხაზეთში, აბსოლუტურ თვითნებობას ჰქონდა სეპარატისტების მხრიდან ადგილი, რასაც აღვივებდა რუსეთი მეთოდურად. თუმცა რუსეთი აქეთა მხარესაც ძალიან მაგრად მუშაობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარეს არანაკლებ მუშაობდა, რომ ეს ომამდე მიეყვანა, ეს ყველას კარგად გვახსოვს, შეგულიანება და ყველაფერი იყო, მაგრამ იქ ძალიან მაგრად მუშაობდა თვითონ.

იცით რაშია საქმე, რომ დელეგაცია დელეგაციაზე ქართველების ჩამოდიოდა, რომ "გვიშველეთ, ხომ სახელმწიფო ხართ, რაღაცა ხომ უნდა [გააკეთოთ]". ძალიან ძნელია, მაგრამ, უნდა გაეძლო. ეს ემოციური მდგომარეობა მაინც უნდა გადაეტანა ხელისუფლებას და ჯობდა არ შეგვეყვანა, რა თქმა უნდა, ჯარი... ასეთ შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით იმ კატასტროფულ შედეგებს", - აცხადებს პოლიტიკოსი, საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბათიაშვილი.

დღის ამბები