რუსთავში ქალაქის გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. პროგრამის - "მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის" ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში, სხვადასხვა სახეობის 2 000 ძირი ხე-მცენარე დაირგვება. ახალი მწვანე სივრცეების შექმნა დაგეგმილია რუსთავის ცენტრალურ და შიდა უბნებშიც.
"ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი, რომელიც შემოსასვლელი მონაკვეთის გამწვანებას გულისხმობს. 2000-მდე ხე დაირგვება. ჩვენი გეგმის ნაწილია ასევე საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანება, სადაც ჩვენი პატარები მთელ დღეს ატარებენ და ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან პროექტების განხორციელების დროს გათვალისწინებულია მწვანე სივრცეების მოწყობა, რომელიც დღეს ქალაქში ხორციელდება და საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე", - აცხადებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.