ევროკომისია ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას გეგმავს, რომლის მიზანიც წევრი ქვეყნების ვეტოს გამოყენების თავიდან არიდებაა – ამის შესახებ მედია ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. ახალ გეგმას ევროკომისიის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მიზანი კი, ევროკავშირში გაწევრების პროცესის შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.
თემაზე შეფასებები კეთდება თბილისში. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის შეფასებით, ამ საკითხს თვითონ ევროსაბჭოს შიგნით ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება.
"დარწმუნებული ვარ, თვითონ ევროსაბჭოს შიგნით მოჰყვება ამას ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი ვნებათაღელვა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში შედიან, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროსაბჭოს და ევროკომისიის შექმნის იდეას, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო და არის დაფუძნებული იმ ქვეყნების თანაბარუფლებიანობაზე, რომლებიც არიან ევროკავშირში. მაგრამ, ჩვენ ახლა ამ ფაქტით ვხედავთ იმას, რომ გარკვეულ დიდ ქვეყნებს სურთ აიღონ ბერკეტი, ზოგადად მთლიანად ევროკავშირის მმართველობაზე და მიიღონ გადაწყვეტილებები იმ პატარა ქვეყნების ნაცვლად, რომლებიც ან არიან ევროკავშირში დღევანდელ დღეს, ან მომავალში აპირებენ გაწევრიანებას", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.