ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს, სადაც მსჯავრდებული ექსპრემიერი პრემიერობის პერიოდზე წერს და ამბობს, რომ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-საზოგადოებრივი წარმატებები პირადად მისი დამსახურებაა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, მსგავსი წერილები ოპოზიციის ინტერესებს ემსახურება.
"მსგავსი წერილები ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. ციფრები რაც იყო მოყვანილი, იმასთან შედარებით დღევანდელი ციფრები არის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული. ანუ, ყოველწლიურად, როგორც ეკონომიკა იზრდება, ისე, რა თქმა უნდა, იზრდება ხელფასები, იზრდება პენსია და ყოველწლიურად, 2012 წლის შემდგომ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა უმჯობესდება. არ უნდა შევხედოთ ორ-სამ წლიან ჭრილში, მთლიანად უნდა შევხედოთ, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" გუნდი მოსულია 2012 წლიდან ხელისუფლებაში, შესაბამისად, პოლიტიკას ატარებს "ქართული ოცნების" გუნდი დღემდე და გაატარებს მომავალშიც და ცალ-ცალკე პიროვნებებზე ვერ იქნება ვერასდროს დამოკიდებული ხალხის ესე ვთქვათ პირობების გაუმჯობესება თუ გაუარესება, იმიტომ, რომ გუნდი, ის, რომელიც მოვიდა 2012-ში, დღემდე მუშაობს სწორედ ამ საკითხებზე", - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.