01 ოქტომბერი 2026,   01:04
ვრცლად
საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - მათი უმეტესობა არასრულწლოვანია

საფრანგეთში, ქვეყნის მასშტაბით საშუალო სკოლებში მიმდინარე მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო, 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია, - ამის შესახებ BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციები, რომლებიც პარიზში დაიწყო და რომლის ფარგლებშიც მოზარდები რამდენიმე დღის განმავლობაში საკუთარ სკოლებს ბლოკავდნენ, დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა გადატვირთული კლასები და მასწავლებლების ნაკლებობა.

ხელისუფლების ცნობით, სამშაბათის საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 10 მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე, ასევე 48 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი დაშავდა. განათლების სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 400 სკოლა დაზიანდა.

ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ წვავენ მომიტინგეები ნაგვის ურნებს და აზიანებენ ავტობუსის გაჩერებებს.

"ჩვენ აქ ვართ, რათა ერთი აზრი გამოვთქვათ. ჩვენ აქ ყველაფრის უმიზეზოდ განადგურებისთვის არ ვართ. ჩვენ აქ ვართ, რომ ვთქვათ: განათლების სისტემა მთლიანად განადგურებულია. თითოეულ კლასში 34-34 მოსწავლე ვართ და ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. მასწავლებლები გადატვირთულები არიან", - განაცხადა ერთ-ერთმა 16 წლის მოსწავლემ.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ედუარ ჟეფრემ, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მოსწავლეებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა ძალადობის შესახებ ცნობები დაგმო და მათ გაუმართლებელი უწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნეზმა მედიას განუცხადა, რომ 440 ადამიანი იყო დაკავებული და დაამატა: "საბოლოო რაოდენობა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებულების ორი მესამედი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს".

მედიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციას სხვადასხვა საგნები ესროლეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დღის ამბები