01 ოქტომბერი 2026,   07:54
ვრცლად
თუ სხვადასხვა მიზეზით წევრ სახელმწიფოებს ჩამოართმევენ ვეტოს უფლებას, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი თავად ევროკავშირისთვის - ლევან მახაშვილი

თანასწორობის პრინციპისა და ევროკავშირის ღირებულებების უგულებელყოფა - ასე აფასებენ თბილისში ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის რეფორმას.

ევროკომისიის ახალი გეგმის მიზანი, წევრი ქვეყნების მიერ ვეტოს გამოყენების თავიდან არიდებაა, - ამის შესახებ მედია ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

ახალ რეფორმას ევროკომისიის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ევროკომისიის პროექტი გარდამავალი სამართლებრივი დებულებების გამოყენებას ითვალისწინებს. მიზანი კი, ევროკავშირში გაწევრების პროცესის შუალედურ ეტაპზე 27 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის მოთხოვნის გაუქმებაა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, თუ სხვადასხვა მიზეზით წევრ სახელმწიფოებს ჩამოართმევენ ვეტოს უფლებას, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი თავად ევროკავშირისთვის.

"ალბათ, ეს არის ყველაზე ფუნდამენტური საკითხი, რაც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თუ სხვადასხვა მიზეზით წევრ სახელმწიფოებს ჩამოართმევენ ვეტოს უფლებას, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი თავად ევროკავშირის. იმიტომ, რომ ევროკავშირის და ზოგადად ნებისმიერ ორგანიზაციაში ქვეყნები წევრიანდებიან იმიტომ, რომ უკეთ დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები და უკეთ დაცვის ნაცვლად თუ მათ მოუწევთ საკუთარი ინტერესებისგან ხელის აღება და ვერ შეძლებენ, ინსტრუმენტები არ ექნებათ ამ ინტერესების დაცვის, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დასასრულის დასაწყისი ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ წევრი ქვეყნები უარს იტყვიან ამ მთავარი ფუნქციის და ინსტრუმენტის დაკარგვაზე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები