01 ოქტომბერი 2026,   03:34
ვრცლად
"ამ პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა ნიღაბი ჩამოიხსნეს და საზოგადოებას რეალური სახე ანახეს" - ლევან მახაშვილი

ამჯერად ოპოზიციონერები ერთმანეთს IRI-ის კვლევის გამო დაუპირისპირდნენ - განულებული, 1 და 2 პროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და კვლევის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც ერთმანეთს აკისრებენ. დაპირისპირებაში ჩართული არიან იაგო ხვიჩიას პარტიის წევრებიც. სანდრო რაქვიაშვილი კვლევის შედეგებს ოპოზიციის უუნარობას და მათ არასწორ სტრატეგიას უკავშირებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა ჯგუფებმა კრიტიკულ მომენტებში საკუთარი ინტერესებისა და უცხოელების ინსტრუქციების შესრულებისთვის მზადყოფნა გამოავლინეს.

"არ ვარ დარწმუნებული, რომ შემიძლია შევეჯიბრო მათ ამ ფრაზეოლოგიაში, თუმცა შემიძლია დავეთანხმო. ლოგიკურიც არის, სწორედ ამას ვამბობთ, რომ ამ ორგანიზაციებმა, თუ შეიძლება მათ საერთოდ ორგანიზაცია ვუწოდოთ, ამ პოლიტიკურმა დაჯგუფებებმა გააკეთეს ყველაფერი, ნიღაბი ჩამოიხსნეს ფაქტობრივად ყველაზე კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ეს სჭირდებოდა ქვეყანას, ხალხს, სჭირდებოდა თუნდაც ამ პოლიტიკურ ოპოზიციას. სწორედ ამ საჭირო მომენტში ანახეს საზოგადოებას რეალური სახე, რომ საკუთარი სარგებლისთვის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის, უცხოელების ინსტრუქციების შესრულებისთვის ისინი მზად იყვნენ ქვეყანა გაეწირათ.

ამიტომ, არ არის გასაკვირი ის დაქსაქსულობა, რაც დღეს არის ქართულ ოპოზიციურ ამ ფლანგში. ლოგიკურიც არის და კარგია, კარგი პროცესია. სწორედ ამას ვამბობდით, რომ ზოგადად, მოსახლეობა გაიზარდა, დაღვინდა, დაბრძენდა ამ გასული ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ ბევრი რაღაც გამოვიარეთ, საზოგადოებამ ბევრი რამ ნახა, გამოსცადა და შეუძლებელია უბრალოდ, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალადობა და ის მეთოდები, რასაც ესენი იყენებენ, ეს იყოს ნორმა", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები