საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები" გაიხსნა. წლევანდელი ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს ეძღვნება.
"ქრისტიანობის მიღებითა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით ქვეყანამ აირჩია სულიერი გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართული კულტურა, აზროვნება, სახელმწიფოებრივი განვითარება და ფასეულობები. იგი გამოვლინდა არქიტექტურაში, მხატვრობაში, საგალობელსა თუ ლიტერატურაში", - აღნიშნულია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონფერენცია გახსნეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი კლაუდია რაპი და ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი.
ღონისძიებაში 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი მეცნიერი მონაწილეობს. კონფერენცია საქართველოს ეროვნულ არქივში 3 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.