"ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში და 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ნაძალადევის რაიონში სასტუმროების მსოფლიო ბრენდისა და "ვინდჰემის" რეზიდენციების მშენებლობა იწყება. 21 ჰექტარზე დაგეგმილი მრავალფუნქციური უბანი - "არქი გრანდ ავენიუ" 15 ჰექტარ რეკრეაციულ ზონას მოიცავს, რომელიც დასასვენებელ და საბავშვო სივრცეებს, ველობილიკებს, ურბანულ ამფითეატრს, პადელის ცენტრს, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ფიტნესდარბაზებსა და სპას გააერთიანებს. უბანში ასევე განთავსდება რესტორნები, გასართობი სივრცეები, სკოლა და საბავშვო ბაღი.
კომპანიას დაგეგმილი აქვს მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობაც რომელიც "არქი გრანდ ავენიუს" წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. საქართველოს დედაქალაქში "ჰილტონის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ეს არის სიგნალი რომ ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესისა და ტურიზმისთვის მიმზიდველი ხდება, ჩნდება ასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.
ნაძალადევის რაიონში სასტუმრო "ჰილტონის“ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას, Alkas & Han Spaces-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ "გრანდ ავენიუ" გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უძრავი ქონების განვითარების პროექტი:
"მინდა მიმართვა ქართულით დავიწყო. ერთი წლის შემდეგ, ქართულად კარგად ვისაუბრებ. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, ბატონო მერო, ქალბატონებო და ბატონებო, ეს ნამდვილად დიდი პატივია.
თბილისი ქმნის ახალი სივრცეებს და შესაძლებლობებს, ინარჩუნებს უნიკალურ იდენტობასა და მრავალფეროვნებას. მე, პირველ რიგში, ვმუშაობ ადამიანებთან და ადამიანებისთვის. ვქმნი ისეთ ადგილებს, სადაც ისინი ბედნიერად იცხოვრებენ. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასეთ ცენტრებს. ალბათ ნანახი გაქვთ სავაჭრო ცენტრები ტაშკენტში, ომანში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ბულგარეთში.
ჩვენი დევიზია: შევქმნათ იმაზე მეტი, ვიდრე ვიდრე უბრალოდ კვადრატული მეტრია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი საუკეთესო ადგილია ასეთი ინვესტიციისთვის. "არქისთან" ერთად მოგზაურობის განმავლობაში, "გრანდ ავენიუს" უფრო ფართოდ შევხედე - ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ უძრავი ქონების განვითარების პროექტი. ეს არის თაობების შეხვედრის ადგილი. ჩვენ ვქმნით ხვალინდელ დღეს," - აცხადებს Alkas & Han Spaces-ის ხელმძღვანელი ავი ალკაში.