ევროპარლამენტში დამტკიცებულ რეზოლუციას უნდობლობას თავად ევროპარლამენტარები უცხადებენ. პროექტი, რომელიც თითქმის ცარიელ დარბაზში განიხილეს, დარბაზშივე შეფასდა დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფად, შერჩევითი აღშფოთებისა და ორმაგი სტანდარტის მორიგ მაგალითად.
რეალობის განსხვავებული აღქმა ამჯერადაც ევროპელი კანონმდებლების კარგად ნაცნობ ჯგუფს აღმოაჩნდა. უფრო კონკრეტულად კი პროექტის ავტორებს - "ნაციონალების" პარტნიორებს ევროპის სახალხო პარტიიდან და სოციალ-დემოკრატების ალიანსს. უცვლელია ტრადიციული მოთხოვნები და რიტორიკა - მუქარა, სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირებისა და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ექსტრემისტული პროცესების წახალისებად მიიჩნევს ოფიციალური თბილისი, სტრასბურგში მიღებული დოკუმენტის ჩანაწერებსაც. სახელისუფლებო პარტიაში, დღეს კიდევ ერთხელ და მკაფიოდ ითქვა, რომ ევროპელი ბიუროკრატების სურვილის მიუხედავად, პოლიტპატიმრებს ვერ დაარქმევენ ძალადობრივ თუ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მონაწილე პირებს, რომლებიც მუდმივად გარე დაფინანსებით და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
ზეწოლის გაძლიერებისკენ, ევროპელ ბიუროკრატებს დღეს ქართველმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ოპოზიციიდან. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება, მტრული რეზოლუციების თანაავტორებად მიიჩნევს, დღესაც ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის მოთხოვნები სამართლიანია.
ოპონენტებს და მათ უცხოელ პარტნიორებს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს, რომ დასახელებული პირების დიდ ნაწილს სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარებული და მონანიებული აქვს - სტრასბურგში მიღებულ დოკუმენტს კი ჩალის ფასი. უთხრეს ისიც, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ნებისმიერი ნაბიჯით, შანტაჟითა და მუქარის ენით ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიისა და ჩაურევლობის პრინციპებს არღვევს. საქართველო კი ძლიერდება და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად იღებს.
რიგით მე-9 რეზოლუციას სახელწოდებით - "საქართველოში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ", მხარი დაუჭირა 445-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო 37 ევროპარლამენტარი.