ქალაქ ჯვარში, ახალი, თანამედროვე სტანდარტების ამბულატორია გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით არის უზრუნველყოფილი.
ამბულატორიაში სამი ექიმი და სამი ექთანი იმუშავებს. სამედიცინო პერსონალი პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას, ჯამში, დაახლოებით 5 000 მოქალაქეს გაუწევს.
ქალაქ ჯვართან ერთად, ამბულატორია სოფელ ოჭანესა და სოფელ ნაკას მცხოვრებლებსაც მოემსახურება.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დაწესებულება რეგიონის მასშტაბით საჩვენებელი და სამაგალითოა, რადგან პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება რეგიონებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
"ეს არის დაწესებულება, რომელიც რეგიონის მასშტაბით საჩვენებელი იქნება, ნამდვილად მისათითებელი და სამაგალითო, ეს იმდენად, რამდენადაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამბულატორიული სერვისების მნიშვნელობა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რეგიონებში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამავე მიმართულებით შემდგომშიც მუშაობას და მიხარია, რომ ეს პროექტი წარმატებულად დასრულდა," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
თავის მხრივ, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ხაზი გაუსვა, რომ ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტები წალენჯიხის მასშტაბით აქტიურად გრძელდება.
"ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი. ჩვენ ვიწყებთ ქალაქ ჯვარში - ეს არის ნინოშვილის ქუჩა, პროექტი დასასრულს უახლოვდება, მეორე - ეს არის ასევე გაფრინდაშვილის ქუჩა და ჩვენ ყველა ის საჭირბოროტო საკითხები, რაც აწუხებს ქალაქ ჯვარს, ჩვენ მონიშნული გვაქვს და ეტაპობრივად მივყვებით. ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, მიმდინარე და მომავალ წელიწადს ზოგადად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იქნება ძალიან აქტიური," - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.