13 ოქტომბერი 2026,   22:14
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ვიხილეთ ევროკავშირის მოცეკვავე ელჩი, კარგია, რომ მას აქვს შესაძლებლობა იცეკვოს საქართველოში. იმედია გაიაზრებდა, მისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ არავის ექნებოდა საქმე

საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა, საქართველო დღეს იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა, რომ დაგვეჯერებინა პირადად ჰერჩინსკისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩს საქართველოში ცეკვის და მოლხენის საშუალება რომ ჰქონდა, ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა, რადგან მათ ევროკავშირის ელჩს არ დაუჯერეს. ასევე, შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ელჩი ამას იაზრებს.

"ვიხილეთ მოცეკვავე ევროკავშირის ელჩი და ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, რომ იცეკვოს და იცეკვოს საქართველოში და კარგია, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს იმის განწყობაც და შესაძლებლობაც, რომ იმხიარულოს.

იმედია, რომ ევროკავშირის ელჩიც გააცნობიერებდა და მეორე დღეს მაინც გაიაზრებდა იმას, რომ ჩვენ რომ მისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის დაგვჯერებოდა, დღეს საქართველოში საცეკვაოდ არავის საქმე არ იქნებოდა. საქართველო დღეს იქნებოდა ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა, საქართველო დღეს იქნებოდა ომისგან დანგრეული ქვეყანა, რომ დაგვეჯერებინა პირადად ჰერჩინსკისთვის და მისი ხელმძღვანელობისთვის. ასე რომ, მადლობა არ გვინდა მისგან, არ ველით მისგან მადლობას, მაგრამ იმედია იმას იაზრებს, რომ ის, რომ მას ცეკვის შესაძლებლობა ჰქონდა და მხიარულების შესაძლებლობა, იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას და მის უფროსებს არ დაუჯერა და იმოქმედა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა. მადლობას არ ვითხოვთ, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა იქ საცეკვაოდ საქმე დღეს არავის არ ექნებოდა და ალბათ ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში და ევაკუირებული იქნებოდა, ისე როგორც კიევიდან გაიყვანეს ყველა. გახსოვთ, ომის დაწყებიდან მიატოვეს კიევი ელჩებმა, ერთადერთი საქართველოს ელჩი დარჩა ბოლომდე, რომელიც შემდეგ ზელენსკიმ გამოაძევა თავისი ქვეყნიდან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები