დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც "ეფესბეს" აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამე, პატრიოტიზმს და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს არის თავხედობა.
„დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც "ეფესბეს" აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს სხვადასხვა რამე, პატრიოტიზმს და ა.შ.
პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ბაქოში. 2 ოქროს მედალი, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი მედალი, რომელიც გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და ამაში ლაშა ბექაურმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. პრაქტიკულად ტრავმით მოაგებინა მან ჩვენს გუნდს პრინციპული დაპირისპირება. ასეთ ფონზე, ასეთ დამსახურებულ ადამიანებს თავს ესხმიან "ეფესბეს" აგენტის როლის შემსრულებელი ადამიანები. შეგახსენეთ, რომ 2008 წლის შემდეგ ასრულებდა ეს ადამიანი "ეფესბეს" აგენტის როლს რუსულ სერიალში. ეს არის თავხედობა. ამას სხვა შეფასება არ შეიძლება მიეცეს. ეს ადამიანი არის შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ანტიეროვნულ ქმედებებში. შესაბამისად, საინტერესო არ არის მაინცდამაინც მისი თავდასხმა ჩვენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.