მომდევნო კვირიდან საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე პირველ სხდომას გამართავს. 88 კანონმდებლის სარჩელს შვიდი მოსამართლე სამი დღის განმავლობაში განიხილავს. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლოს 9 თვე აქვს.
უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის," "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
პარტიების ნაწილი სასამართლო პროცესებში მონაწილეობას გეგმავს, ნაწილი კი ბათუმში ჩასვლას არ აპირებს.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, "ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება წარმოდგენილი და ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას გამოიყენებენ.
"21 ოქტომბრიდან, "ძლიერი საქართველო - ლელო" თავის კვალიფიციური იურისტების გუნდთან ერთად წარმოდგენილი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში, პარტიების აკრძალვის პროცესზე.
ჩვენ გამოვიყენებთ ინსტიტუციური ბრძოლის ყველა პლატფორმას. საკონსტიტუციო სასამართლო იქნება ტრიბუნა, რომლითაც ვამხელთ "ქართულ ოცნებას". პარტიების აკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ორგანიზაციების აკრძალვას ან პოლიტიკოსებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვას. ეს ნიშნავს მილიონამდე ამომრჩევლისთვის არჩევანის უფლების წართმევას", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით კი, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი იქნებიან თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილნი.
"საუბარი და კონსულტაციები ამ პროცესის ირგვლივ სხვა პარტიებთან და კოლეგებთან გვაქვს, ისევე როგორც ყოველთვის, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება როგორი იქნება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.
ამაზე ცალკე განცხადებას გააკეთებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ვფიქრობთ, ყველანაირად, ყველა პოზიციაზე ქართველი ხალხის ინტერესები უნდა დავიცვათ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.