რომში ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს პარლამენტის ხელმძღვანელები დემოკრატიული ინსტიტუტების ჰიბრიდული საფრთხეებისგან, დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევისგან დაცვაზე მსჯელობენ.
სპიკერები დემოკრატიის წინაშე არსებულ საფრთხეებს, ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერების აუცილებლობას განიხილავენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება უცხოური ჩარევის პრობლემაზე გაამახვილა. თქვა, რომ გამოწვევა, რომელიც ხშირად ნაკლებად ხილულია, ყველაზე დამაზიანებელი საფრთხეა დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის.
დემოკრატიულ მდგრადობას და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას, რომ საერთო ძალისხმევა სჭირდება ამაზე კონფერენციის მთავარი ტრიბუნიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა.
იტალიის სენატის პრეზიდენტის განცხადებით კი დემოკრატიის დაცვისთვის მტკიცე და თანმიმდევრული პოზიციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.
ავსტრალია, კანადა, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები საფრანგეთი ეს არასრული ჩამონათვალია იმ სახელმწიფოების, რომლებიც გამჭვირვალობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრებას ცდილობენ.
საერთო საერთაშორისო სტანდარტის შემუშავების მომხრეა საქართველოც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უცხოური ჩარევისა და დაფინანსების გამჭვირვალობის დარეგულირების სტანდარტი, სუვერენიტეტს, ანგარიშვალდებულებასა და საერთო თანხმობას უნდა დაეფუძნოს.
PACE-ს პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში სხვა და სხვა სახელმწიფოს სპიკერებს ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობაც აქვთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა ქნესეთის ხელმძღვანელს. მხარეებმა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. დღესვე შეხვედრა შედგა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან სადაც. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დღის ბოლოს ქართულ დელეგაციას იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შეხვდა, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტების თავმჯდომარეებს წელს რომი მასპინძლობს. სპიკერები 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ თუ როგორ შეიძლება არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა და რა როლი აქვთ საკანონმდებლო ორგანოებს თანამედროვე კრიზისების მოგვარებასა და მათზე რეაგირებაში.
კონფერენცია რომში დღეს გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში იმართება ორმხრივი შეხვედრებიც. შალვა პაპუაშვილი ისრაელელ კოლეგას შეხვდა. განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.