"მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება. მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ საუბრისას მედიასთან განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ მიერ წარდგენილ არგუმენტებს გაიზიარებს.
"რა განწყობა უნდა ჰქონდეს ხალხს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, რომელიც საკუთარ კონსტიტუციას ღალატობს და იციან, რომ ამ სასამართლოზე მათ წინაშე იქნება ყველა პოლიტიკური ბრალი წარდგენილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევას ეხება.
ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა პირდაპირ იხილოს მათი მოღალატეობრივი საქმიანობის მხილება საკონსტიტუციო სასამართლოში.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ მნიშვნელოვანია თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპის სრულად ამოქმედება. მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს იმ პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც ექსტრემიზმით, რადიკალიზმით, არჩევნების უარყოფით ცდილობენ საქართველოს არევას, მის დაბრუნებას 90-იან წლებში. ასე, რომ პროცესები წინ არის, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წარვადგენთ და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტებს გაიზიარებს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.