საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში, შაბათს, 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.
განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებია. მმართველ პარტიაში უკვე დაადასტურეს, რომ სხდომას დაესწრება "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, შეხვედრა მიმდინარე საკითხების განხილვას უკავშირდება.
"ჩვენ პერიოდულად პოლიტსაბჭოს ფორმატში და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ვიკრიბებით ხოლმე. ბოლო შეხვედრიდან გავიდა საკმარისი დრო და მნიშვნელოვანია გვქონდეს უშუალო კომუნიკაცია პოლიტსაბჭოს ფორმატში, ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე და, ასევე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა.
ასე, რომ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ პერიოდული შეხვედრები გვქონდეს, გაფართოებულ ფორმატში. იცით, რომ უმრავლესობის სხდომებთან ერთად იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომები, სადაც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს და ეს ფორმატი გვაქვს ახლა, იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა.
ასე, რომ ეს არის ის შიდა-დემოკრატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.