"ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახელებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უბრალოდ ტყუის", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელმა ყალბი იმედების შექმნის მცდარი პოლიტიკა აირჩია.
"მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ სამყაროს და რეალურად შევხედოთ მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების პროცესს. ამ ფორმატში ამ დღეებში ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა გვქონდა.
ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახელებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში უბრალოდ ტყუის. დღეს ვერავინ ვერ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, წელს, როდესაც ზოგადად იქნება ევროკავშირის გაფართოება და მით უმეტეს ვერ დაასახელებს, რომელი ქვეყნები იქნება, რომელიც ამ გაფართოებაში მოხვდება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ იმით, რომ აი დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან.
რეალობა დიამეტრალურად სხვანაირია და მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს ეს რეალობა - რომ დღეს და ხვალ არავინ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, რომ 2030 წელი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის საერთოდ რა გადაწყვეტილება იქნება, კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რა სახეს იღებს საერთოდ ევროკავშირი და ვხედავთ, რომ "თამაშის" პროცესში წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და რაღაც მეორეხარისხოვანი წევრები იქნებიან.
ეს პროცესია, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენ არც შიდა პოლიტიკური დისკუსია, არც ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი ლოგიკით, თავის მიზნების მისაღწევად, ეკონომიკის გასაძლიერებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად და ამის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა დღეს კისერი წავიტეხოთ, როგორც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა ამას აკეთებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.