18 ოქტომბერი 2026,   19:10
ვრცლად
რევაზ სოხაძე: წლის ბოლომდე 5 მილიარდი ლარის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები გამოცხადდება

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადებულია 400-ზე მეტი ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ლარს აღემატება", - ამის შესახებ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების გამოცხადება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

"ამ სამუშაოების შედეგებს მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან იგრძნობს. მნიშვნელოვანი პროექტები ერთდროულად იწყება როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით", - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ  უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას სარფთან დააკავშირებს და ტრანზიტულ მოძრაობას გონიოსა და ტურისტული ზონისგან განტვირთავს. ასევე დაგეგმილია ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა.

მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის დამაკავშირებელი გზის პროექტი, სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის კი რამდენიმე  მონაკვეთზე  უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები.

"უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პარალელურად, დასკვნით ეტაპზეა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული კომპანიები უახლოეს პერიოდში გამოვლინდება",- აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზა ყველა გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემდეგ გაიხსნება.

"ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. გვირჩევნია, გზა ოდნავ გვიან გაიხსნას, მაგრამ იყოს სრულად გამართული, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

დღის ამბები