19 ოქტომბერი 2026,   13:51
ვრცლად
"ამ პარტიებზე რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, IRI-ს კვლევითაც დასტურდება" - შალვა პაპუაშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე

"ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს, ამით მოიგებს ქართველი ხალხი და მთლიანად საზოგადოება" - ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმ პარტიების მიმართ, რომელთა აკრძალვის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება, საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაბალია, რასაც, მისი თქმით, IRI-ის კვლევის შედეგებიც ადასტურებს.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ პარტიებმა მხარდაჭერა საბოლოოდ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტითა და მანდატების დატოვებით დაკარგეს.  

"მე მგონი, პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს.

ბოლო კვლევამაც, IRI-ს კვლევამ აჩვენა, რომ სწორედ ამ პარტიებს თუ შევხედავთ, მათ მიმართ ნდობა და მათი რეიტინგი არის სტატისტიკური ცდომილების ზვარში 0%-ის გარშემო.

ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ საკუთარი მხარდაჭერა უკვე დიდი ხანია გაფლანგეს, მას შემდეგ, რაც სწორედ 2024 წლის არჩევნების შედეგებს გამოუცხადეს ბოიკოტი, დახიეს მანდატები, რომელიც ხალხმა მათ მიანიჭა და ხალხმა მათ ზურგი შეაქცია, ეს ვნახეთ ჩვენ IRI-ს ბოლო კვლევით, როდესაც 1%-ის გარშემო არიან ეს პარტიები.

კიდევ ერთხელ, ჩვენ საქმე გვაქვს ამ სარჩელში მოყვანილ პარტიებზე, რომლებიც არიან თავისი არსით ანტიკონსტიტუციური, რომლებიც ძალადობრივი გზით ცდილობდნენ არაერთხელ ხელისუფლების შეცვლას, რომლებსაც აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ეს დასტურდება IRI-ს კვლევითაც.

ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს ამით მოიგებს ქართველი ხალხი და მთლიანად საზოგადოება, არა მხოლოდ ისინი, რომლებიც ამ კონკრეტული პარტიის მიმართ რაღაც ნეგატიური განწყობა აქვთ, არა მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები, არამედ მათ შორის ისინი, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული არიან, ვინაიდან ეს მართლაც შემაფერხებელი ოპოზიციური ფლანგისთვის შემაფერხებელი ბარიერი ამ მოძალადე პარტიების სახით მოსცილდებათ მათ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და კრიტიკული ამომრჩეველიც უფრო ადვილად შეძლებს მისთვის მისაღები პარტიის მოძებნას.

კიდევ ერთხელ, ამ პარტიებზე რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, დასტურდება IRI-ს კვლევითაც, დასტურდება იმითაც, რასაც თვითონ ამბობენ, რომ პარტიები დღეს შემაფერხებელი არიან იმისთვის, რომ თუნდაც გარკვეული კონსოლიდირება მოხდეს ოპოზიციურ ფლანგზე", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები