მმართველი გუნდისთვის ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში პარტიების აკრძალვაზე დასავლეთის დუმილი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დადასტურებაა. 2022 წლიდან მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვაში, სხვადასხვა საფუძვლით, ათეულობით პარტია აიკრძალა, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით ეს ქვეყნები არავის გაუკრიტიკებია.
ბოლო სამ წელიწადში უკრაინაში საქმიანობის უფლება შეუწყდა 18, მოლდოვაში კი 2 პოლიტიკურ ძალას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამ მონაცემების მიუხედავად, ბრიუსელისგან მოლდოვისა და უკრაინის მისამართით კრიტიკა არავის მოუსმენია.
აღნიშნულ თემას პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ჭანტურია გამოეხმაურა.
ჭანტურიას განცხადებით, როდესაც უკრაინასა თუ მოლდოვაში პარტიები იკრძალებოდა, ევროკავშირში აცხადებდნენ, რომ ეს პარტიები უნდა აკრძალულიყო.
"უკრაინაში ან მოლდოვაში პარტიები, რომ იკრძალებოდა, ევროკავშირში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, ეს პარტიები უნდა აიკრძალოსო. ალბათ იმიტომ, რომ არის რაღაც განსხვავება და საფუძვლიანი განსხვავება. პარტიებს შორის შეიძლება რაღაც განსხვავებაა. არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა მოლდოვაში, რაზე არის საუბარი", - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.