20 ოქტომბერი 2026,   21:24
ვრცლად
ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ.

როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე გამოსვლისას მისმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, კორპორაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ენერგეტიკის სექტორში. ამასთან, მისი თქმით, კორპორაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ინვესტიციების წახალისებაა.

„მიზანი გვაქვს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დადგმული სიმძლავრე 2.5-ჯერ გაიზარდოს და მსხვილი სტრატეგიული, სტრატეგიული ობიექტები აშენდეს. სხვადასხვა მიმართულებით ვგეგმავთ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამებით 16 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას წავახალისებთ, ახალი ფინანსური ინსტრუმენტებით 7 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

ამასთან, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დაგეგმილია 2000 ექსპორტიორის მხარდაჭერა, რაც, მისი შეფასებით, ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან დღეის მდგომარეობით ბაზარზე სულ 2500 ექსპორტიორია.

„მხარს დავუჭერთ ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მიმართულებით 16 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას და 1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება კერძო საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობა, ისეთი აქტივების, რომლებიც წილობრივ მონაწილეობაში მიიღებენ მონაწილეობას. ჯამურად აღნიშნული წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ირაკლი გაბრიაძემ.

დღის ამბები