პოლიტიკური სისტემის საბოლოო გაჯანსაღებამდე მისასვლელი გზა საკონსტიტუციო სასამართლოზე გადის, სადაც 88 დეპუტატის ხელმოწერილი სარჩელის განხილვა ხვალ 12 საათიდან დაიწყება. ქვეყნის მუდმივი საბოტაჟი, რევოლუციური და ძალადობრივი პროცესები, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებები და შეგნებული იერიშები კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ არგუმენტებს და ფაქტებს, რომელიც 5-მა ოპოზიციურმა ძალამ საკუთარი პოზიციების საწინააღმდეგოდ თავად შექმნა, ფაქტობრივი სიზუსტით ხვალ მთელი ქვეყანა მოისმენს. მოლოდინი ერთია, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რაც ნაციონალური მოძრაობის, ახლების, ლელოს, ფედერალისტებისა და გახარიას პარტიის აკრძალვას გულისხმობს.
პრეცედენტული მნიშვნელობის კონსტიტუციური დავის დაწყებამდე, სასამართლო წერს, რომ მსჯელობის საგანი იქნება, ისიც დაარღვია თუ არა 5-მა ოპოზიციურმა ძალამ კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა. სარჩელის თანახმად ნაც.მოძრაობის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილს ემატება საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით გამოიხატა. დეპუტატები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ერთობლივად ქმნის 5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის მყარ საფუძველს.
სარჩელის თანახმად, მოპასუხე პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები ნაციონალური მოძრაობის ან მისი საარჩევნო ბლოკით სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრები იყვნენ, ეკავათ პარტიული თანამდებობები 2004-12 წლებში, რა დროსაც მათი ხელშეწყობით და მონაწილეობით ხელყოფდნენ ადამიანის უფლებებს - ამის შესახებ საუბარია საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნაშიც- თუმცა ოპოზიცია, რომელიც ხვალ სხდომაზე მიდის, კონკრეტულ ფაქტებს - სამართლებრივ კონტრარგუმენტებსაც ვერ უპირისპირებს.
განხილვებს დაესწრება გახარიას გუნდიც, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოსგან, მათი პარტიის კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე,- შუამდგომლობის საფუძველზე მოითხოვეს.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ წარდგინების ავტორების არგუმენტაციას, ოპოზიცია ვერაფრით გააბათილებს - თავდაცვა კი ხვალიდან ყველაზე მეტად გაუჭირდებათ. უმრავლესობის თქმით, სარჩელის წარდგენით, მათ დაისახეს მთავარი ამოცანა- პოლიტიკური ველიდან გავიდნენ ის ძალები ვინც ქვეყნის უმთავრეს კანონს წლების განმავლობაში მიზანმიმართულად უპირისპირდებოდნენ.
კონსტიტუციურ სარჩელს ნომრით №1979- ხვალ 4 კანონმდებელი - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ. არსებითი განხილვა 3 დღის განმავლობაში გაიმართება, თუმცა არ არის გამორიცხული ვადა გახანგრძლივდეს, რადგან მოსამართლეთა პლენუმს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 9 თვე აქვს.