23 ოქტომბერი 2026,   02:55
ვრცლად
მცირერიცხოვანი შეკრება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ნაცვლად - ოპოზიციის აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

იმ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, რომელთა აკრძალვაზეც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად იმსჯელეს, სასამართლოს გარეთ გამართული აქციით გამოჩნდა. 5 პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჭერად დაანონსებულ შეკრებაზე, რამდენიმე ათეული ადამიანი მივიდა. სხდომათა დარბაზში სამართლებრივი არგუმენტების, სხდომათა დარბაზს გარეთ კი ხალხის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ოპოზიციას რომ ნულოვანი რესურსი აქვს, ეს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ოპოზიციურმა პარტიებმა 21 ოქტომბერს 11 საათზე აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ამტკიცებდნენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციური უფლების გამოყენება დემოკრატიის დასამარებას ნიშნავდა, სწორედ ამის გასაპროტესტებლად საზოგადოებას გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

მცირერიცხოვანი შეკრება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ნაცვლად - მოლოდინმა ორგანიზატორებს იმედი გაუცრუა, თუმცა იმედგაცრუების აღიარება ტრადიციულად არ ისურვეს.

ოპოზიციამ პოლიტიკური წონა, რესურსი, ხალხის ნდობა და მხარდაჭერა რომ დიდი ხნის წინ დაკარგა, ეს "ქართული ოცნების" თქმით, ჯერ კიდევ IRI-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, როცა ოპოზიციის ჯამური რეიტინგი 16 პროცენტი იყო. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით დადასტურდა, რომ საზოგადოებას პოლიტიკური ველის აგენტურისგან გათავისუფლება სურს, კონსტიტუციური სარჩელი კი ამის გარანტი უნდა გახდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია, მმართველი გუნდისთვის ოპონენტების პოლიტიკური მარცხის კიდევ ერთი ლუსტრაციაა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები