22 ოქტომბერი 2026,   02:47
ვრცლად
უიტკოფმა პუტინს "ჰუმანური" უწოდა - დონალდ ტრამპის თხოვნით, რუსეთმა ოთხი წლის პატიმრობის შემდეგ 74 წლის ამერიკელი მასწავლებელი გაათავისუფლა

რუსეთმა გაათავისუფლა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 74 წლის სტივენ ჰაბარდი, რომელიც ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. გათავისუფლება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირდაპირი თხოვნის საფუძველზე მოხდა.

პენსიონერი მასწავლებელი სტივენ ჰაბარდი რუსულმა ძალებმა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრისას, ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში დააკავეს. მას ბრალად უკრაინის მხარეს დაქირავებულ მებრძოლად ომი ედებოდა, რასაც მისი ოჯახი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფაბრიკაციად და ყალბ ბრალდებად აფასებდნენ.

ჰაბარდის გათავისუფლების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევის წინ წასაწევად შეხვდა. ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ჰაბარდმა უკვე დატოვა რუსეთის ტერიტორია და შეერთებული შტატებისკენ მიემართება.

უიტკოფმა პუტინს ჰაბარდის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის პრეზიდენტს „ჰუმანური“ უწოდა. CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიში ჩანს, რომ სტივენ ჰაბარდი სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში სტივ უიტკოფსა და რუს მოლაპარაკეს, კირილ დმიტრიევს შეხვდა. უიტკოფმა ჰაბარდს გადასცა, რომ პუტინი მას „ლოცავს და კეთილ სურვილებს უგზავნის“.

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ჰაბარდის სანაცვლოდ რუსეთისთვის არაფერი გადაუცია, თუმცა ეს ნაბიჯი იმ ფონზე გადაიდგა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის ინტერესების ხარჯზე მოსკოვთან დაახლოებაში ადანაშაულებენ.

ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობები ბოლო კვირებში განსაკუთრებით დაძაბულია. უკრაინა აშშ-ს ადანაშაულებს რუსული რაკეტების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის შეზღუდვაში, Starlink-ის სერვისების შენელებასა და შეიარაღების მიწოდების შეფერხებაში. გარდა ამისა, ტრამპმა გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი სანქცია მოხსნა, რამაც აშშ-ში ორპარტიული კრიტიკა გამოიწვია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ჰაბარდი „პრეზიდენტ ტრამპისადმი პატივისცემის ნიშნად“ გაათავისუფლა. მოგვიანებით მან ასევე დასძინა, რომ „სანქციები რომ დაწესებულიყო, ეს მოლაპარაკებები სრულად შეჩერდებოდა“.

გათავისუფლებულ სტივენ ჰაბარდს ტრამპი ტელეფონით უკვე ესაუბრა. ჰაბარდის ვაჟმა, ჯოზეფ კოულმანმა აშშ-ის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და პუტინის ამ ნაბიჯს „ღრმად დაფასებული ჰუმანიტარული ჟესტი“ უწოდა.

სტივენ ჰაბარდი ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. ის უკრაინის ქალაქ იზიუმში 2014 წელს გადავიდა, რომელიც 2022 წელს რუსულმა ძალებმა დაიპყრეს.

დღის ამბები