22 ოქტომბერი 2026,   01:16
ვრცლად
როდესაც დეგრადირებული დღის წესრიგის მქონე, გარედან დაფინანსებულ მეხუთე კოლონას აქვს მონოპოლია გამოცხადებული ოპოზიციურ ძალაზე, იქ სხვა ოპოზიციური ძალების გაჩენის შანსი არ არსებობს - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გადაცემა "ღამის კურიერში" იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების შემთხვევაში გაჩნდება.

როგორც დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, როდესაც პოლიტიკური ველი კონსტიტუციური წეს-წყობილების წინააღმდეგ მოქმედი პარტიებისგან განთავისუფლდება, მათ ნაცვლად ქვეყნისადმი სიყვარულით გამსჭვალული პატრიოტული ძალები გამოჩნდებიან.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციური ველი სრულად ანტისახელმწიფოებრივ ძალებს აქვთ მოცული, სადაც სხვა ოპოზიციური წარმომადგენლობის გაჩენის შანსი არ არსებობს.

"როდესაც ერთ კონკრეტულ, დეგრადირებული დღის წესრიგის მქონე, გარედან დაფინანსებულ მეხუთე კოლონას აქვს მონოპოლია გამოცხადებული ოპოზიციურ ძალაზე, იქ სხვა ოპოზიციური ძალების გაჩენის შანსი არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს ველი შევსებულია. თან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ საზოგადოებისგან, 1-2-3%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

ბათუმში პოლიტიკურ გასვენებაში ჭირისუფლები ვერ მოაგროვეს, რომ სურათი მაინც დახატონ იმის, რომ ვიღაცას ანაღვლებს ამ პარტიების ბედი.

საქართველოს პოლიტიკა და საქართველოში პოლიტიკა ძალიან ახლოს მდგომი ცნებებია. კარგად მოგეხსენებათ, ქართველების მიდრეკილება პოლიტიკის მიმართ. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია შეიქმნება, შექმნილიც არის და არც ახლა განვიცდით მათ ნაკლებობას.

შესაძლებელი იქნება ოპოზიციური ველი კონსტრუქციული, ქვეყნისადმი სიყვარულით გამსჭვალული პატრიოტული ძალებით დაკომპლექტდეს. ასეთი ძალები აუცილებლად გამოჩნდებიან, ჩანან კიდეც და უფრო მეტად გამოჩნდებიან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები