საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე სარჩელის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით "ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ისაუბრა. შეკითხვაზე, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, ხომ არ დაზარალდება ქვეყნის საგარეო იმიჯი უცხოელ პარტნიორებთან, მათიკაშვილი პასუხობს, რომ თუ სხვა ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში, ან თუნდაც უკრაინასა და მოლდოვაში, დასაბუთებული არგუმენტებით მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დასაშვები და მისაღებია, რატომ არ არის ეს მისაღები საქართველოსთვის?
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, დაუსაბუთებელი ბრალდებებით სავსე კრიტიკა და რეზოლუციები არაერთხელ გაჟღერებულა.
"რაც შეეხება ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის საკითხს და კრიტიკას ჩვენ აქამდეც არაერთგზის მოგვისმენია აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებებით სავსე კრიტიკა, რეზოლუციები, რომელიც მართლა ჩალის ფასი ღირს, და თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვა შესაძლებელია გერმანიაში, თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიის აკრძალვაა შესაძლებელი უკრაინაში, მოლდოვაში, თუ ამ ყველაფერს ევროკომისრები დემოკრატიის წინსვლად აფასებენ და აქებენ, საქართველოში "რუსულ კანონს" ვიღებთ ისევ?
აი ამ მოცემულობაში ვართ და ჩვენი ჩვენი ბრძოლისუნარიანი დემოკრატიის პრინციპებს გავიტანთ ბოლომდე. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ჩვენი საზოგადოების ნდობა, ჩვენი ლეგიტიმაცია მოდის ჩვენი ხალხისგან და ეს არ არის მოგონილი, არც მემკვიდრეობით მიღებული, არც სადღაც ქუჩაში ნაპოვნი, არც ციდან ჩამოვარდნილი ბენეფიტი. ეს ხალხისგან, იმ საქმიდან გამომდინარე არის დაფასება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" 2012 წლიდან დღემდე აკეთებს და ამ ნდობას ჩვენ ვერ გავფლანგავთ ვერც ერთი ფოჩიანი კანფეტის და წითელი ხალიჩის გამო, რაზედაც სიარულის სანაცვლოდ ქვეყნის დანგრევისკენ გვიბიძგებდნენ, არ გადავდგით ეს ნაბიჯები და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა არ გადადგა ეს ნაბიჯი ყველაფრის მიუხედავად, რა ზეწოლაც მასზე მოდიოდა და მოდის. აი ეს არის მოცემულობა და ამას ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.