რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებული რთული სიტუაციის მოსაგვარებლად და მათთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
"ჩვენ ახლაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და ამ რთული, კომპლექსური სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად, იმ გაგებით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან ახლო ერია, ხომ გესმით“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტს უკრაინაზე საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. პუტინის თქმით, მათ ყველაფერზე შეუძლიათ შეთანხმება.
"რა უნდა ვთქვათ, უახლესი გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ რუსები და უკრაინელები, ფაქტობრივად, ერთი ხალხია. კარგი, ზოგიერთს სურს სხვაგვარად იფიქროს. კარგი, ჩვენ თანახმა ვართ, ასე განვითარდა რუსეთის ისტორია და ეს არის დღევანდელი რეალობა. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე შევთანხმდეთ", - აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი თავიდანვე მხარს უჭერდა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
"2014 წელს უკვე ვსაუბრობდით ამაზე: მოდით, დაგეხმარებით, რომ შეთანხმებას მიაღწიოთ მაშინდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებთან. მაგრამ არა - მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქვემეხები და თვითმფრინავები გამოიყენეს, ფაქტობრივად, ომი გააჩაღეს. შემდეგ მინსკის შეთანხმებები იყო. ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობდით, მათ შეთანხმებისთვის მიეღწიათ უკრაინის იმ ნაწილთან, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა. მაგრამ არა - ამაზე უარი თქვეს.
დონბასში ხალხის დასაცავად ჩვენი მოქმედებების დაწყებამდე, მათ მაშინაც ვუთხარით: მოდით, ყოველგვარი გართულების გარეშე, შევთანხმდეთ. მაგრამ არა - ვიომებთო. კი ბატონო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.