26 ოქტომბერი 2026,   22:35
ვრცლად
არჩილ გორდულაძის შესავალი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დეტალურად ისაუბრა სარჩელის არსზე, არსებულ მტკიცებულებებზე, ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულ ქმედებებზე, საბოტაჟის მცდელობებსა და ძალადობრივ აქციებზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად ჩადიან ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს, უარყოფენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპებს.

გორდულაძის შეფასებით, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე რადგან სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენები. ამასთან, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. მისივე შეფასებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ იცავს იმ ძალების საქმიანობას, რომლებიც ძალადობას ახალისებენ ან დემოკრატიულ პრინციპებს უგულებელყოფენ.

"კიდევ ერთხელ, ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. 
საკონსტიტუციო სასამართლოში იმართება უმნიშვნელოვანესი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის სამართლებრივი, ამასთანავე, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე - სამართლებრივად უნდა შეფასდეს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ბოლო 22 წლის მოვლენები. 

დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ქვეყანა დავტოვოთ საფრთხის წინაშე და სამართლებრივად  არ შევაფასოთ 2004-2012 წლების რეჟიმის შემოქმედი ნაციონალური მოძრაობის და 2012 წლიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობისა და მისი განშტოებების (გვარამია-მელიას ახალი; ბოკერიას ფედერალისტების; ხაზარაძე-ჯაფარიძის ლელოს; გახარიას პარტიის)  საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები.

ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. 

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების საფუძველს ქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და დემოკრატიის პრინციპი, რომელთა სისტემური დარღვევა მის ხელყოფად უნდა იქნეს განხილული. 

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-4 მუხლში, რომელიც, მათ შორის, იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების დამკვიდრება, ამასთანავე, საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. პოლიტიკური პარტიები კი მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. ამრიგად, პოლიტიკური პარტიის საქმიანობა დემოკრატიის პრინციპების დაცვასთან პირდაპირ და მჭიდროდ დაკავშირებულია. აქ წარმოდგენილი არაკონსტიტუციური პარტიები კი მუდმივ რეჟიმში კანონსაწინააღმდეგო, ექსტრემისტული და ძალადობრივი ქმედებებს სჩადიან და ამის გასამართლებლად უსაფუძვლოდ უარყოფენ და არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვასაც მოუწოდებენ არ დაემორჩილონ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მთავრობის აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციასთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს. ამ მხრივ კი საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტება: „დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპი მოიცავს შეზღუდვას, რომ დემოკრატიული მეთოდების მეშვეობით არ მოხდეს თავად დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს დაცვის მექანიზმებს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისთვის ფორმალურად დემოკრატიული პროცესების გამოყენებით საფრთხის შექმნისაგან - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის N2/5/560 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ მუმლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57.“

პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც

დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მართალია, პოლიტიკური პარტიები პლურალიზმისა და დემოკრატიის სწორად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მხრივ არსებით როლს ასრულებენ და მათ მიმართ გატარებული, უფლების შემზღუდველი ღონისძიებები გავლენას ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების თავისუფლებასა და ზოგადად დემოკრატიაზე სახელმწიფოში - საქმე- რეფაჰ პარტისი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფოს სათანადო ღონისძიებების გატარება თვითონ დემოკრატიის დაცვის უზრუნველსაყოფადაც ევალება. „დემოკრატიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარი, საკუთარი თავი დაიცვას - ჟდანოკა ლატვიის წინააღმდეგ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ მოეთხოვება პოლიტიკური პარტიის მიერ კონვენციასა და დემოკრატიასთან შეუსაბამო პოლიტიკის გასატარებელი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას დაელოდოს; კერძოდ, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება - ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინაარმდეგ; და კეთილდღეობის პარტია“ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ. 

დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობის მიუხედავად, პოლიტიკური პარტიის შექმნისა და ფუნქციონირების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, არ არის აბსოლუტური. მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არ არის დაცული იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც აქეზებს ძალადობას ანდა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიას, ან რომლის მიზანი დემოკრატიისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფაა - ესეც ამავე საქმეებში განსაზაღვრული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებია.

ძალადობის მხარდაჭერად და ძალადობის წახალისებად კი, ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, მიიჩნევა არა მხოლოდ ძალადობის ჩადენისკენ პოლიტიკური პარტიის პირდაპირი მოწოდება, არამედ ისეთი შემთხვევაც, როდესაც პოლიტიკური პარტია ძალადობის ჩადენის შესახებ სხვა პოლიტიკური პარტიის საჯარო მოწოდებას პირდაპირ, ნათლად და მყისიერად, საჯარო განცხადებითვე არ ემიჯნება. ევროპული სასამართლოს აზრით, პოლიტიკოსის პოლიტიკური აქტივობა მოიცავს არა მხოლოდ სიტყვით გამოსვლებსა და კონკრეტულ ქმედებებს, არამედ უმოქმედობასა და დუმილსაც, ხოლო უმოქმედობა და დუმილი შეიძლება ძალადობის მიმართ ისეთივე თანადგომად იქნეს აღქმული, როგორც ძალადობის პირდაპირ და აშკარად გაცხადებული მხარდაჭერა. შესაბამისად, ძალადობის დაგმობასა და ძალადობისგან მყისიერ გამიჯვნაზე უარის თქმის გამო პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, გამართლებულია - კონკრეტულად, ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ. მეტიც, თუ პოლიტიკური პარტიის წევრი თავისივე პოლიტიკური პარტიის ლიდერის განცხადებებსა და ქმედებებს მყისიერად საჯაროდ არ ემიჯნება, ეს განცხადებები და ქმედებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აღნიშნულ წევრსაც შეერაცხება - „კეთილდღეობის პარტია“ და სხვები თურქეთის წინააღმდეგ. 

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრეცედენტები გვხვდება ევროპის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და მოლდოვაში. მხოლოდ 2022 წლის შემდეგ უკრაინაში ჯამში აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მოლდოვაში - 2026 წლის ივლისში 4. სხვათა შორის,  არც ივლისამდე და არც ივლისის შემდეგ ევრობიუროკრატიის არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ აკვირდება სასამართლო პროცესს ან სასამართლო შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკის ინსტრუმენტად, არც ვენეციის კომისიას დაუგმია პარტიის გაუქმების პროცესი. სამაგიეროდ, ევროკომისიის პრესპიკერი თავს უფლებას აძლევს პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად ჩაერიოს მართლმსაჯულების განხორციელებაში.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით, ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის ფაქტები და არგუმენტები, რომლებიც სარჩელში დასახელებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საფუძვლიანობას ადასტურებს.

კომისია

როგორც ცნობილია, სარჩელში მითითებული ცალკეული ფაქტებისა და ქმედებების შესასწავლად საქართველოს პარლამენტში 2025 წელს შეიქმნა „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, რომელმაც 6-თვიანი მუშაობის პერიოდში პირდაპირ ეთერში გამართა 64 სხდომა, გამოკითხა 139 პირი, შეისწავლა მოქალაქეებისგან 778 განცხადება და დაიდო რამდენიმე ასეულგვერდიანი დასკვნა, რომელიც თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არაკონსტიტუციური პარტიების მოღალატეობრივი და დანაშაულებრივი ქმედებები.

2004-2012 წლის მოვლენები

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში შექმნა და განავითარა:
• მკვლელობების, წამების და სხვაგვარი ძალადობის სისტემური და სისტემატური პრაქტიკა

• პირთა უკანონო თვალთვალის, უკანონო მიყურადებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-, აუდიო- და ფოტომასალის უკანონოდ შექმნის, შენახვისა და გამოყენების საყოველთაო პრაქტიკა, შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ არაერთ პირს, რომელთა მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის პროცესის ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდებოდა.

• ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის სისტემა - იმავე პერიოდში ჩაიდინა ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონებაზე უარის თქმის უკანონო იძულებისა და საკუთრების უფლების ხელმყოფი მრავალი ქმედება. 

• დაატერორა და ხელში ჩაიგდო როგორც ბეჭდური, ისე ინტერნეტ და სატელევიზიო მედია. 

• 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა ისეთი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია შემდეგი ფაქტები: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვეში მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის N1633 რეზოლუციას. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია შემდეგი: მე-5 პუნქტი - „თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“. მე-11 პუნქტი: „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას“. ამ საკითხებზე ხმის მიცემით ნაციონალურმა მოძრაობამ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა, ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი. სხვათა შორის, რუსეთის ფედერაციას ამ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭერია, ზუსტად ამავე მიზეზით. 

2012 წლიდან დღემდე

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მიზანი

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებიდან დღემდე საქართველოში ჩატარდა 9 მორიგი საყოველთაო არჩევნები. არჩევნების შედეგებისა და არჩეული ორგანოების ან თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვეს და ამ გზით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში არიან დასახელებული პარტიები. 

• 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედგა ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა, როდესაც, არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა. თუმცა მოგვიანებით ისინი შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა;

• 2018 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და სცადა ძალადობრივი მეთოდის გამოყენებით საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიის ჩაშლა;

• 2019 წლის ივნისში „ნაციონალური მოძრაობა“ და მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებას შეეცადნენ, დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით;

• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა არალეგიტიმურად შერაცხეს, უარი თქვეს ახალარჩეული პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ. თუმცა მოგვიანებით ისევ შეუდგნენ საქართველოს პარლამენტში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა;

• 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა კვლავ არალეგიტიმურ არჩევნებად შერაცხეს, სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები წამოიწყეს და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა განაახლეს. თუმცა მოგვიანებით ისევ შეუდგნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატების გამოყენებას, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა;

• 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრას.

• 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში არაკონსტიტუციურმა პარტიებმა აწარმოეს აქტიური საჯარო კამპანია და საჯაროდ გაავრცელეს განცხადებები, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლისა და დამხობისკენ აშკარა მოწოდებასა და შესაბამისი სამზადისის არსებობის რეალურ ნიშნებს შეიცავდა. აქციას, რომლის გაცხადებული მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო, ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს შესაბამისმა არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. მართალია, ზემოაღნიშნული მოწოდებების ავტორები თავიანთ განცხადებებში სიტყვა „დამხობის“ მსაზღვრელად ხშირად სიტყვა „მშვიდობიანს“ იყენებდნენ, მაგრამ ეს ამ მოწოდებების ძალადობრივ და უკანონო შინაარსს არ ცვლის, რადგან „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამებაა (ოქსიმორონია), რაც უტყუარად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების მხოლოდ უკანონო გზით შეცვლის შინაარსზე, ძალადობასა და მიზანზე. 

4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწყობილ ძალადობრივ აქციას მხარს უჭერდა ლელოც, მათ კამპანიაც კი ჰქონდათ - „დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე“, რასაც ადასტურებს ირაკლი კუპრაძის 15 სექტემბრისა და 3 ოქტომბრის განცხადებები: „დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე, საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე“, „ჩვენი გზავნილი როგორ უნდა მოვიქცეთ 4 ოქტომბერს, შემდეგია: დილით არჩევნებზე, საღამოს პროტესტის მხარდაჭერა“! 

მეტიც, პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მის მიერ პარლამენტის წევრის მანდატების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ხელისუფლების რევოლუციით შეცვლისა და დამხობის 2025 წლის 4 ოქტომბრის მცდელობის წარუმატებლობა დაასახელა. გიორგი შარაშიძე აცხადებდა „უკვე გვიანია, კიდევ ვიმეორებ იმიტომ, რომ ჩვენ 4 ოქტომბერი, უკვე სამწუხაროდ ეს ფაქტი არის, შემდგარი ფაქტი. და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იქნებოდა 4 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში“, იმავეს ამბობდა ლევან გოგიჩაიშვილიც. ფაქტია, რომ ერთია მათი საჯაროდ გაკეთებული განცხადებები და მეორეა მათი მიზანი - ისინი ელოდნენ ხელისუფლების დამხობის პოლიტიკურ შედეგებს და მაშ შემდეგ, რაც დამხობა არ შედგა, შევიდნენ პარლამენტში, რომელსაც დღემდე არალეგიტიმურად აცხადებენ.

• 2025 წელს ლელოს წარმომადგენელმა, ალეკო ელისაშვილმა, სცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის დაწვა, რაზეც იგი მსჯავრდებულია ტერორისტული დანაშაული ჩადენისთვის. მიუხედავად ამისა, პარტია ლელოს წარმომადგენლებმა ალექსანდრე ელისაშვილის საქმე შეაფასეს როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა

• 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე წუთებიდან გამოვლინდა არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების მიზანი და მცდელობა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტი მაქსიმალურ ნიშნულამდე გაემწვავებინათ. არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები დღემდე ცდილობენ, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარება გამწვავდეს იმავე ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითა და ხარისხითაც ამას 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა;

• 2012 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა სხვა მიმართულებითაც განხორციელდა. კერძოდ, ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. კერძოდ, ეს მცდელობები მოიცავს:
- ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებებს;
- საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატურ საინფორმაციო თავდასხმებს, სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას.

• 2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის                                         („ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაცია - ხელმომწერები შეთანხმდნენ: 
1. არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე მოენახათ ყველაზე ეფექტური კონფიგურაცია ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;
2. ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ;
3. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი დაეჭირათ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატისთვის;
4. მოუწოდებდნენ, რომ მობილიზება გაეკეთებინათ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და ეთხოვათ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობა.

• პოლიტიკური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და „გახარია საქართველოსთვის“ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაგზავნილი წერილით ადრესატებს სთხოვდნენ:
1. საქართველოს ხელისუფლების მიმართ განეხორციელებინათ მოწოდება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო შეფასების პროცესის დასრულებამდე არ გამართულიყო ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა; 
2. გაეკეთებინათ მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო შეჩერდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი; 
3. შეეჩერებინათ საქართველოს ხელისუფლებასთან ყველა სახის ოფიციალური კომუნიკაცია ევროკავშირის ნებისმიერ დონეზე, ვიდრე ხელისუფლება არ გასცემდა თანხმობას საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე; 
4. შეეჩერებინათ სამთავრობო ფინანსური დახმარება წელიწადში დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო ფინანსური რესურსები გადაემისამართებინათ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედია საშუალებების დახმარებისთვის.

არაკონსტიტუციური პარტიების ერთობა

კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები:

• აღნიშნული პოლიტიკური პარტიები საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილ არაკონსტიტუციურ ქმედებებში (მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში) წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ. ამის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითია შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია მისი წევრი პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიულ ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. 

• ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის მაგალითებს მიეკუთვნება აგრეთვე სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა პარტიული ალიანსი, პლატფორმა და მოძრაობა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, „გახარია საქართველოსთვის“:

1. 2024 წლის 26 მაისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „ქართული ქარტიის“ შექმნის შესახებ. ამ ქარტიას იმავე წლის 3 ივნისს ხელი მოაწერეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“ , „ლელომ“ და სხვა ოპოზიციურმა სუბიექტებმა, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ მას შეუერთდა იმავე წლის 23 სექტემბერს. აღნიშნული ქარტია სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებდა, მათ შორის, ე. წ. ვეტინგს, კერძოდ, ქარტიის ტექსტში ვკითხულობთ: „გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით; ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია; შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს; შემოწმება შეეხება ასევე ყველა ახალ მოსამართლეს.“

2. 2024 წლის 23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ახალი არჩევნების მოსამზადებელი საბჭოს შექმნის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ ამ პროცესს იმავე დღეებში მხარდაჭერა გამოუცხადეს და მასში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოთქვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „გახარია საქართველოსთვის“.

3. 2025 წლის 10 თებერვალს არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სალომე ზურაბიშვილთან ერთად შექმნეს საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა პროფესიის, თანამდებობისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე პირებისა და მათი ოჯახების წევრების დასანქცირების შედეგის მიღწევის მიზნით მუშაობას.

4. 2025 წლის 31 მარტს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ „ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტები“.

• კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმია, რაც გამოხატულია, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საჯაროდ აქტიურად წარმოებული კამპანიით „4-5-9-25“ და 2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაციით. 

• პოლიტიკური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აგზავნიან წერილს, რომელიც მოიცავდა მათ შორის, ხელისუფლებასთან ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტის სურვილს. 

• პოლიტიკური პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  მიერ 2021-2025 წლებში ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ქალაქ რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. მათ შორის სენაკის შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი წარმომადგენლები კვორუმის დარღვევით შეიკრიბნენ, გაინაწილეს პოლიტიკური თანამდებობები უკანონოდ, რაც შემდეგ უკვე დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომ მათ ელემენტარულად ჩვიდმეტი, რომ თვრამეტს არ უდრის ეს ვერ დაადასტურეს, პირიქით ამტკიცებდნენ საპირისპიროს.

• პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ და პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ მიერ მუნიციპალიტეტების ორგანოების 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც ამ პარტიებმა უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ საარჩევნო კონკურენციაზე და მიზნად დაისახეს საერთო საარჩევნო კანდიდატების წარდგენა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ერთობლივი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. მათ ეს შეთანხმება სისრულეშიც მოიყვანეს.

რომელ პარტიას რა მიესადაგება

როგორც აღინიშნა, ხუთივე პოლიტიკურმა პარტიამ შექმნა საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ისინი დღესაც ასე მოქმედებენ, რაც დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით. ქვემოთ ჩამოთვლილი მათი ქმედებები ამ გარემოებასთან ერთად უნდა იქნეს განხილული.

პროცესის მიმდინარეობას, რამდენიმე დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლები, როგორც სასამართლოში, ისე მედიაში ცდილობდნენ ილუზიის შექმნას, თითქოს ვერ გაიგეს თუ რას ვედავებით თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე და ერთობლივად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგადაც აქვთ გაგებული. ამის მიუხედავად, გავაჟღერებთ არაკონსტიტუციური ქმედებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალს რომლებიც მათ მიემართებათ, ხოლო ვრცლად წარმოდგენილია კონსტიტუციურ სარჩელში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა, ფედერალისტების პარტია,

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მიზანი

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევა 

- 2004-2012 წლებში, მათ შორის, ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფა, ღირსების აბსოლუტური უფლების შელახვა, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის უფლების დარღვევა, პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა, საკუთრების უფლების დარღვევა და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების დარღვევა და მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება;
- 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ნიკანორ მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური სუბიექტების მცდელობა, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში, აგრეთვე მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება;

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის დარღვევა

- საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების, კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე განგრძობადად უსაფუძვლოდ უარის თქმა, არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა;

- 2022 წლის ივნისი: არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობის მიმართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური სუბიექტების ღია მხარდაჭერა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით გადაეყენებინათ საქართველოს მთავრობა და შეექმნათ ე. წ. ტექნიკური მთავრობა, აგრეთვე მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება.

- 2019 წლის ივნისში, 2023 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე და 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მიზნით განხორციელებული მცდელობები ან/და მათი მხარდაჭერა და მათგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზანი

- საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა (ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებები; ევროპის კავშირში საქართველოს გაწევრების მიმართულებით ქვეყნისთვის ხელშემშლელი ქმედებები; საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატური საინფორმაციო თავდასხმა, სანქციების დაწესების მცდელობა და ხელშეწყობა).

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზანი

- 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოსთვის საზიანო ქმედებების ჩადენა და მათგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება;
- საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ (ნაციონალურმა მოძრაობამ) მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1633 რეზოლუციას, რითაც ხმის მიცემით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა, ან ეს არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფოს ინტერესების ღალატი. 

- აფხაზეთის ტერიტორიაზე წლების წინ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ქართული მხარის მიმართ გიორგი ბარამიძის მიერ განხორციელებული უსაფუძვლო ბრალდება ტყვეთა დახვრეტაში და მკვლელობებში;

- 2022 წლიდან საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა და მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება.

- ნიკა გვარამია აცხადებდა: „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მთავრობაში ვიყავი და ძალიან მეამაყება ეს ამბავი. უკეთესი მთავრობა ამ ქვეყანას არ ჰყოლია ჯერ.

ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევა 

- ამ პარტიის ლიდერთა მიერ 2004-2012 წლებში ბიზნესზე უკანონო თავდასხმის, ქონების გამოძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის ხელშეწყობა, მასში მონაწილეობა და მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება, რაც დასტურდება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნაში;

- 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ნიკანორ მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური სუბიექტების მცდელობა, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში, აგრეთვე მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება;

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის დარღვევა

- საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების, კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა, არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა;

- 2022 წლის ივნისი: სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობის მიმართ მხარდაჭერა ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით.  

- პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ 2025 წელს განხორციელებული ქმედებები, რომლებიც ერთ შემთხვევაში გულისხმობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას, იგი მსჯავრდებულია ტერორისტული აქტის ჩადენისთვის. პოლიტიკური პარტია არ ემიჯნება ამ ქმედებას და ისინი აცხადებდნენ, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“. ადამიანი, რომელიც მსჯავრდებულია ტერორისტული აქტის ჩადენაში. 

- ამ პარტიის ლიდერთა მიერ 2019 წლის ივნისში, 2023 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის შემოდგომაზე და 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობები ან/და მათი მხარდაჭერა და მათგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზანი

- საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა (ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისა და შენარჩუნების საკითხისთვის საზიანო ქმედებები; საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან თავდასხმა და სისტემური საინფორმაციო კამპანიების წარმოება და მათი ხელშეწყობა).

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზანი

- 2022 წლიდან საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობა-ხელშეწყობა და მისგან გამიჯვნისგან დღემდე თავის შეკავება.

გახარია საქართველოსთვის:

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევა 

- 2021 წლის თებერვალში პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ აქტიურად ხელი შეუწყო საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ნიკანორ მელიას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური სუბიექტების მცდელობას, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში. ამ ფაქტს დღემდე არ გამიჯვნია პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის დარღვევა

- საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების, კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმა, არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა;

- 2019 წლის ივნისი: საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმართ 2019 წლის ივნისს განხორციელებულ შტურმსა და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რითაც საქართველოს სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაევალა. ამ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი ბრალდება წარედგინა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას. თუმცა, გიორგი გახარია ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, თავს არიდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას და, ამდენად, ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო შესაბამისი ფაქტისგან გამიჯვნისგან დღემდე თავს იკავებენ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სხვა წარმომადგენლები.

- 2022 წლის ივნისი: ისინი კვლავ მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობას ჩამოყალიბდეს ე. წ. ტექნიკური მთავრობა.

- ამ პარტიის ლიდერთა მიერ 2023 წლის გაზაფხულზე, 2024 წლის გაზაფხულზე და 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობები ან/და მათი მხარდაჭერა და მათგან არ გამიჯვნა.

ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზანი

- საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელის შეწყობა, სისტემატური საინფორმაციო თავდასხმა, სანქციების დაწესების მცდელობა და ხელშეწყობა.

ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზანი

- ამ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსება, რამაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მხრივ მძიმე შედეგები გამოიწვია და რასაც დღემდე პირდაპირ, ნათლად და საჯაროდ მხარს უჭერენ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

შეჯამება

აქ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები 2012 წლის შემდეგ ერთობლივად და ცალ-ცალკე უშუალოდ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას, შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ ამ ქმედებების უშუალოდ ჩადენის გამო ყველა აღნიშნული პარტია, რა თქმა უნდა, ასაკრძალია. 
ამასთანავე, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, რომლის ლიდერები 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობის წევრები არ იყვნენ, მართალია, 2003-2012 წლამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების და კონსტიტუციური წყობილების დამხობის უშუალო მონაწილეები ვერ იქნებიან, თუმცა 2012 წლის შემდეგ შექმნილი ეს პოლიტიკური პარტიები 2003-2012 წლამდე პერიოდში არაადამიანური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისტემატურ და სისტემურ დანაშაულებს არ ემიჯებიან. უფრო მეტიც, არათუ არ ემიჯნებიან, არამედ კოალიციაშიც კი შედიან იმ რეჟიმის შექმნელებთან.

აღნიშნული ცალსახად ნიშნავს იმას რომ 2012 წლის შემდეგ შექმნილი პარტიები ეთანხმებიან იმ პერიოდში მოქმედი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებს და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი მხრიდან იმავეს გამეორების რეალური საფრთხე არსებობს.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი სწორედ ამგვარი საფრთხის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესაძლებლობას. შესაბამისად, 2012 წლის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური პარტიები ამ სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გამოც უნდა აიკრძალონ. 

კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია არაერთი არაკონსტიტუციური ქმედება, რომლებსაც ერთი განზრახვით მოქმედი სხვადასხვა ე.წ პარტია ან ერთად ჩადიან ან ცალ-ცალკე, მაგრამ თითოეული ეს ფაქტი ყველა პარტიას მიემართება, რასაც ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტიც: კერძოდ, BATASUNA-ს საქმეში სამი პარტია არ გაემიჯნა სხვა ორგანიზაციის მიერ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს და სამივე პარტია ერთობლივად  აიკრძალა, რადგან არგამიჯვნა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ სხვა ძალადობრივი ორგანიზაციის მხარდაჭერად მიიჩნია, ამასთანავე, REFAH-ის საქმეში პოლიტიკური პარტია არ გაემიჯნა თავისი პარტიის წევრების ძალადობრივ მოწოდებებს და ეს პარტიაც აიკრძალა, რადგან პარტიის მიერ არგამიჯვნა მისი წევრების ძალადობრივი მოწოდებების მხარდაჭერად იქნა მიჩნეული.  

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ფაქტები ცხადყოფს, რომ საკითხის არსი მხოლოდ წარსულის შეფასება არ არის.  ეს არის გადაწყვეტილება მათ შორის იმაზე, დავუშვებთ თუ არა, რომ ადრე ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გამოიხატა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობასა ან ძალადობით შეცვლაში, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფასა და კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მოქმედებებში, მომავალშიც გაგრძელდეს. წარმოდგენილი გარემოებები ააშკარავებს არაკონსტიტუციური პარტიების საერთო მისწრაფებებს, რომლებიც იყო, არის და იქნება ეგზისტენციური საფრთხის შემცველი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება, თვალი დავხუჭოთ ამ ფაქტებზე, დავივიწყოთ წარსულის მძიმე გამოცდილება, აწმყოში შეთანხმებული მოქმედებები და მომავალ თაობებს დავუტოვოთ სახელმწიფო, რომლის სახელმწიფოებრიობა და კონსტიტუციური მოწყობის საფუძვლები დაუცველი იქნება. 

სწორედ ამიტომ, "ნაციონალური მოძრაობის", მისი განშტოებების ნამოქმედარი უნდა შეფასდეს არაკონსტიტუციურად და ისინი უნდა აიკრძალონ. ამით, დემოკრატიაც დაიცავს თავს და საქართველოშიც რეალურად ხალხის გადაწყვეტილებების პატივისმცემელ და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მსურველ ადამიანებსაც ექნებათ მეტი შესაძლებლობა ჩაერთონ პოლიტიკურ საქმიანობაში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები