27 ოქტომბერი 2026,   14:09
ვრცლად
"მთავრობა ჩვენს ყველაზე ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი არ უსმენს" - საფრანგეთში საპროტესტო აქცია დაშალეს

პარიზში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს. მანამდე დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, თუმცა პოლიციამ მათ მოედანზე გადასვლის საშუალება არ მისცა, რადგან ქალაქის ცენტრში შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვა აკრძალულია.

ბოლო დღეებში აქციებზე დააკავეს 1 435 ადამიანი, შეტაკებებისას კი დაშავდა 267 სამართალდამცველი და 150 დემონსტრანტი. მიმდინარე პროტესტის პარალელურად, მთავრობამ მოსწავლეთა და სტუდენტთა ორგანიზაციებს განათლების რეფორმის ახალი პაკეტი წარუდგინა.

მოსწავლეთა გაერთიანება "ლიცეუმის განახლების" პრესსპიკერი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები რეალურ ცვლილებებს ითხოვენ.

"არ გვჭირდება ისეთი რეფორმა, რომლის მიზანიც ჩვენი დამშვიდება და პროტესტის შეწყვეტა იქნება. ჩვენ რეალურ ცვლილებებს ვითხოვთ. თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისევ ქუჩაში გამოვალთ და სკოლების ბლოკირებას დავიწყებთ", - განაცხადა მონიკა შანონ ონგმილანმა.

მოსწავლეთა გაერთიანება "ლიცეუმის განახლების" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ნათანაელ კომბარი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი არ შეწყვიტონ.

"მოვუწოდებთ აქციის მონაწილე მოსწავლეებს, პროტესტი არ შეწყვიტონ. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ჩვენ მთავრობაზე ზეწოლის ბერკეტი გვჭირდება. მთავრობა ჩვენს ყველაზე ელემენტარულ მოთხოვნებსაც კი არ უსმენს", - აცხადებს ნათანაელ კომბარი.

დღის ამბები