28 ოქტომბერი 2026,   09:12
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როინ შავაძის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს - ლევან ბეჟაშვილი

როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. იურიდიულ შეფასებას ვაკეთებ - ყველა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებითი ნაწილი და მნიშვნელოვანი არის გამოძიების შედეგები", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შავაძე მოღალატე იყო და ის 2008 წლის ომის დროს რუსულ დაზვერვას ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდა.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. ჩატარებული ექსპერტიზებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აგვისტოს ომის მონაწილეს, სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა. 2020 წელს სტრასბურგმა საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 40 000 ევროს გადახდა დააკისრა. შავაძის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი.

დღის ამბები