29 ოქტომბერი 2026,   05:25
ვრცლად
ძალიან ბუნებრივად იკითხება ის, რაც ისედაც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი, საზოგადოება ხედავდა ერთიან ძალისხმევას, ერთიან პოლიტიკურ სხეულს - ლევან მახაშვილი გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორ ეკა გიგაურსა და პარტია "ფედერალისტების" ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები საუბრობენ.

მმართველი გუნდი მორიგ აღიარებად აფასებს ეკა გიგაურის განცხადებას, რომლითაც დასტურდება, რომ ოპოზიცია და ენჯეოები ერთი სცენარით, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო. 

"გასაგებია, ძალიან ბუნებრივად იკითხება ის, რაც ისედაც საზოგადოებისთვის იყო ცნობილი. პირადად მე რას ვხედავ აქ, მეორეხარისხოვანია, ფაქტია, რას ხედავდა საზოგადოება, ხედავდა ერთიან ძალისხმევას, ერთიან პოლიტიკურ სხეულს. როდესაც საჭირო იყო, პოლიტიკური პარტიების წინა ხაზზე გამოსვლა, როდესაც საჭირო იყო ენჯეოების წინა ხაზზე გამოსვლა, როდესაც საჭირო იყო ცალკეული ვითომ მედიასაშუალებების წინა ხაზზე გამოსვლა, მაგრამ, საერთო ჯამში, ერთი მიზნით, რომ ქვეყანაში შეეცვალათ ხელისუფლება და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში შემოეტანათ ომის დღის წესრიგი," - აცხადებს ლევან მახაშვილი. 

გიგაურმა სოციალურ ქსელში წუხილი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც მათ კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს. გიგაურის ფეისბუკ პოსტს დაპირისპირება სოციალურ ქსელშივე მოყვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორი ასევე სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დღის ამბები