"ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასაბუთება ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში მოყვანილი ფაქტებით სცადა, რომელიც ადგილობრივი ენჯეოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ჩვენებებს ეფუძნება, შეფასებები კეთდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ქართველი ხალხისა და საზოგადოების არჩევანის ნაცვლად, უცხო ძალებს ეყრდნობა.
"ახალი არ არის ის, რომ ნაცაგენტურა თავის ფილიალებით უკვე საჯაროდ აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს საზოგადოების და ხალხის აზრი ან არჩევანი, არამედ ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ხოლმე ყოველთვის მის პატრონებს უცხოეთში და ამას საჯაროდაც ამბობენ: "უცხოეთში თქვეს, ბრიუსელმა გვითხრა, ამ რეზოლუციაში წერია, ევროპარლამენტარმა განაცხადა". ანუ, საფუძვლად საქართველოში რა წყობა უნდა იყოს, ხალხმა როგორ უნდა იცხოვროს, ან სასამართლო როგორი უნდა იყოს, სამართალი რა არის და სამართლიანობა რა არის და ა.შ., მათი აზრით, განსაზღვრავს ამას უცხოეთი და მათი პატრონები. ამიტომაც, მათ შორის, არიან ასაკრძალები. როცა პოლიტიკური პარტია გინდა გერქვას და ამბიცია გაქვს, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და შენი ხალხის ინტერესებს კი არ ემსახურები, უცხოეთის ჭკუაზე დადიხარ, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამის გამოც არ უნდა იყო პოლიტიკაში", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.