01 ნოემბერი 2026,   22:40
ვრცლად
მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური გიგანტების წარმომადგენლები თბილისში - საქართველოს დედაქალაქმა საერთაშორისო ფინანსურ სამიტზე 60 ქვეყნის დელეგატებს უმასპინძლა

Visa, Mastercard, Ant International, Binance, SWIFT, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია და განვითარების საერთაშორისო ბანკები - ეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომელთა მონაწილეობითაც მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" გაიმართა. სამიტის მთავარი თემა იყო "რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში."

სამიტზე გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა იქცეს რეგიონულ ფინანსურ პლატფორმად, რომელიც საერთაშორისო კაპიტალს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამ პოტენციალს ადასტურებს ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებლებიც, რომელიც სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააცნო.

სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს - სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომლის მნიშვნელობაც რეგიონული ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად იზრდება. თუმცა, ტვირთების გადაზიდვასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფულის სწრაფი გადარიცხვა, სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება და ციფრული ფინანსური სერვისების განვითარება. საქართველოსთვის ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ უნდა იქცეს ეკონომიკური ზრდის დინამიკა გრძელვადიან ფინანსურ უპირატესობად.

სამიტს 60 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის ჩინეთის ცენტრალური ბანკის და ჩინეთის სახალხო ბანკის ხელმძღვანელები, ასევე ყაზახეთის, ჩეხეთის, ბოსნია ჰერცეგოვინას, მონღოლეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბანკო სისტემის დირექტორები; შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მმართველი პირები, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები.

თბილისის ფინანსური სამიტი საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსურ ქსელებში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაა. სტრატეგიული მდებარეობა, შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა, განვითარებული საბანკო სექტორი და თანამედროვე ფინანსური ინფრასტრუქტურა საქართველოს არა უბრალოდ ფინანსურ, არამედ ახალი საფინანსო ტექნოლოგიების ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს. თანამედროვე ფინანსური მომსახურების დანერგვით ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს საერთაშორისო ფინანსური სერვისების დაკავშირებადობას.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ამ პოტენციალის გასაძლიერებლად მუშაობა გაგრძელდება გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის, ხელსაყრელი რეგულაციების, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.

დღის ამბები