01 ნოემბერი 2026,   15:46
ვრცლად
პოლიციასთან შეტაკებები, დაზიანებული ობიექტები, "მოლოტოვის კოქტეილები", დაკავებები და მასშტაბური აქციები - ევროპა ისევ საპროტესტო ტალღამ მოიცვა

საპროტესტო აქციების მესამე ტალღა და შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის - პარიზში, მარსელში, ნანტსა და სხვა ქალაქებში აქციის მონაწილეებმა კომერციული ობიექტები დააზიანეს, გააჩინეს ხანძრები და პოლიციას ფეიერვერკები ესროლეს.

სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა. საფრანგეთის დედაქალაქში დაპირისპირების შედეგად 4 პოლიციელი და 1 ჟანდარმი დაშავდა. პარიზში არეულობის ჩახშობაზე პასუხისმგებელ ერთ-ერთ პოლიციელზე თავდასხმა, რომელსაც "მოლოტოვის კოქტეილი" მოხვდა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მკვლელობის მცდელობად შეაფასა. სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ძალადობრივი აქციების 565 მონაწილე დააკავა.

საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მოგვიანებით მათ სტუდენტები, მასწავლებლები და პროფკავშირები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად განათლების რეფორმას მოითხოვდნენ. პროტესტის მესამე ტალღა კი ცხოვრების ხარჯების ზრდასა და საჯარო მომსახურების ხარისხის გაუარესებას უკავშირდებოდა.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება იყო გერმანიაშიც. ფრანკფურტში აქცია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისა და ცხოვრების ხარჯების შემცირების მოთხოვნით გაიმართა.

გვიან ღამით პროტესტი არეულობასა და ძარცვაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ფრანკფურტში გერმანიის ფინანსურ ცენტრში შეიჭრნენ, მაღაზიები გაქურდეს და ჩაამსხვრიეს ობიექტების მინები, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა "მოლოტოვის კოქტეილები" გამოიყენეს.

საპროტესტო აქცია ფრანკფურტის გარდა ქვეყნის სხვა 33 ქალაქშიც გაიმართა, მათ შორის ბერლინში. აქციის მონაწილეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს ეწინააღმდეგებიან და საცხოვრებელი ხარჯების შემცირებას, განათლების დაფინანსების ზრდასა და სოციალური გარანტიების შენარჩუნებას მოითხოვენ.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ალბანეთშიც სამართალდამცველებთან დაპირისპირებით დასრულდა. დედაქალაქ ტირანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა.

საბინაო კრიზისის გამწვავება გააპროტესტეს მოქალაქეებმა პორტუგალიაში. ლისაბონსა და პორტოში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. აქტივისტებმა ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში მსვლელობის შემდეგ 50-ზე მეტი კარავი გაშალეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მომიტინგეები პოლიციამ ფარებისა და ხელკეტების გამოყენებით დაშალა.

დღის ამბები