კალიფორნიის ქალაქ ვესტ ჰოლივუდის საბჭომ ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც მრავალპარტნიორიანი ურთიერთობების - მაგალითად: 2 ცოლი და 2 ქმარი, 1 ცოლი და 3 ქმარი, ან 3 ცოლი და 1 ქმარი - ოფიციალურ რეგისტრაციას უზრუნველყოფს, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.
ახალი წესით, სამი ან მეტი ადამიანისგან შემდგარ ოჯახებს შეუძლიათ კავშირი ქალაქის კანცელარიაში დაარეგისტრირონ.
როგორც მედია წერს, ეს მათ ანიჭებს საავადმყოფოებსა და ციხეებში პარტნიორების მონახულების უფლებას, ასევე საცხოვრებლის იჯარასთან დაკავშირებულ დამატებით იურიდიულ დაცვას.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დადგენილება ვრცელდება როგორც ადგილობრივებზე, ასევე ქალაქის გარეთ მცხოვრებლებზე, რაც მათ ბავშვების სკოლიდან წამოყვანასა თუ სამედიცინო საკითხების მოგვარებაში ეხმარება.
საბჭო უკვე გეგმავს კანონის შემდგომ დახვეწას, რათა ჯგუფური ოჯახების (ტრიადები/ოთხეულები) გარდა, დარეგისტრირება რამდენიმე ცალკეულ პარალელურ წყვილსაც შეეძლოს.
ამ გადაწყვეტილებით ვესტ ჰოლივუდი შეუერთდა აშშ-ის იმ ქალაქების ჩამონათვალს (სომერვილი, კემბრიჯი, ბერკლი, ოკლენდი), სადაც პოლიამორული ოჯახების უფლებები კანონმდებლობით არის დაცული.