10 ნოემბერი 2026,   12:47
ვრცლად
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში საცხოვრებელი ფართები გადაეცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 69 ოჯახს დიდ დიღომში, კომპლექს "პერსპექტივა 2-ში" საცხოვრებელი ფართები გადაეცა.

საცხოვრებელი ბინების გასაღებები მოქალაქეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

"დღეს მართლაც განსაკუთრებული და ემოციური დღე გვაქვს. აქ იმყოფებიან ოჯახები, რომელთათვისაც დღევანდელი დღე მხოლოდ ახალი ბინის მიღებას არ ნიშნავს. ეს არის ათწლეულების ლოდინის, იმედის, ტკივილისა და ოცნების ისტორიის ბედნიერი გაგრძელება. ადამიანები წლების განმავლობაში შრომობდნენ, აგროვებდნენ თანხას, არ ზოგავდნენ საკუთარ თავს, რათა ჰქონოდათ საკუთარი სახლი - ადგილი, სადაც მათ შვილებს უსაფრთხო და ბედნიერ გარემოში შეეძლებოდათ ცხოვრება. მათ საკუთარი დანაზოგი კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში ჩადეს, მაგრამ მშენებლობები შეჩერდა და მათი ოცნებები განხორციელების გარეშე დარჩა. ამიტომ, დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ყველასთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროგრამას, რომელიც მისი 2017 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო, უკვე კონკრეტული ხელშესახები შედეგი აქვს. კერძოდ, 3 500-მდე დაზარალებული ოჯახიდან 2 500-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია. ამასთან, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია 33 პროექტზე, რომელთაგან 29-ზე სამშენებლო ნებართვა გაცემულია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წლის ბოლომდე კი კიდევ 12 პროექტის დასრულება იგეგმება, რის შედეგადაც დამატებით 600-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

"2017 წელს, როდესაც დაზარალებულმა ოჯახებმა დახმარების თხოვნით მოგვმართეს, მათ სიტყვებში ყველაზე მეტად იგრძნობოდა უიმედობა, გაურკვევლობა და შიში, რომ სამართლიანობა ვერასდროს აღდგებოდა. მაშინ ჩვენ ამ ადამიანებს დავპირდით, რომ ყველაფერს გავაკეთებდით მათი პრობლემის მოსაგვარებლად. დღეს სწორედ 69 ოჯახს გადაეცემა ახალი საცხოვრებელი ფართები. მათთვის ათწლეულობის ლოდინის მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება და ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. გილოცავთ ამ დღეს. მშვიდობა, სიყვარული, ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ახალ სახლებში. ჩვენთვის ამ პროგრამის მთავარი შედეგი მხოლოდ აშენებული შენობები და გადაცემული ბინების რაოდენობა არ არის. მთავარი არიან ის ადამიანები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ელოდნენ ამ დღეს. აქვე მინდა, ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც მომლოდინის რეჟიმშია, აუცილებლად ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. არცერთი ადამიანი არ დაგვრჩება, ვინც საკუთარ სახლს ვერ მიიღებს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, პარტნიორ კომპანიებსა და პოლიტიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს და ყველა სამშენებლო კომპანიას, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, მათ შორის კომპანია "პერსპექტივა 2-ს". მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ", - განაცხადა თბილისის მერმა.

"პერსპექტივა 2-ის" მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდა. პროექტის ფარგლებში აშენდა 417-ბინიანი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სრულად არის დაცული ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები, მიმდებარედ კი კეთილმოწყობილი ეზო და რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების პროგრამა თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

ფართების გადაცემის ღონისძიებას თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, ასევე რაიონის გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

დღის ამბები