საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარტია "ლელოს" წარმომადგენლების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კუპრაძე უარყოფს უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნას, მას არაფერი უთქვამს სანქციების შესახებ, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ადასტურებს, რომ "ლელო" რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა.
"ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ არასდროს მოუთხოვიათ და მხარი დაუჭერიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნისთვის, თუმცა არაფერი არ უწერია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ანუ გამოდის, რომ ამ საკითხზე შევთანხმდით, რომ "ლელო" ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ეს ერთი საკითხი გავიარეთ. არ ვიცი, თავად თუ აქვთ პრობლემა მეხსიერებასთან არ მგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ძალიან მარტივი ტყუილი იყო, რომლის მხილებაც მალევე მოხდა.
მეორე საკითხი, რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლების გაგზავნის მხარდაჭერას. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, არქივიდან ჩანაწერი, ამ ქვეყანაში ვართ ყველა და ის დღეები ყველას გვახსოვს, საბედნიეროდ ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარია, შესაბამისად, ეს ჩვენი უახლოესი ისტორია ვერ წაიშლება ასე ადვილად და ყველამ იცის, რაც მოხდა, რაც იყო ქრონოლოგია. როგორც განვითარდა მოვლენები.
ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ჰქონდა ორი მოთხოვნა, სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა. ეს ის აქციები არის და ის მიტინგებია, სადაც ქალბატონმა ლომჯარიამ თქვა, რომ მას სირცხვილის წვა აქვს ახლა და ურჩევნია, ბომბების წვა ჰქონდეს, იმიტომ, რომ სანქციებს არ ვაწესებდით და არ ვაგზავნიდით მოხალისეებს. გვახსოვს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც მან პირდაპირ ქართულ ენაზე, სხვათა შორის, "ტვიტით" მიმართა ქართველ ხალხს, რომ მიდით და თქვენ მთავრობას მოსთხოვეთ, რომ მებრძოლ მოხალისეებს გაფრენის ნებართვა მისცეს, 28 თებერვალს და ზუსტად მეორე დღეს პარლამენტში სხდომა იყო, სადაც სწორედ "ლელოს" წარმომადგენლები და არა მხოლოდ ამ მოთხოვნას იზიარებდნენ და აყენებდნენ პარლამენტში. ასე, რომ ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს და რაც შეეხება "ლელოს", რას უნდა მოველოდეთ კიდევ ერთხელ მათგან - ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია, თაღლითური მიზნით", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.