პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილისა და "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება და მათ ისტორიის გადაწერისა და ნათქვამი სიტყვების წაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.
პაპუაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ჩანს ოპოზიციის სასოწარკვეთილი მცდელობა, გადაწერონ ისტორია და დაავიწყონ ყველას, თუ როგორ ითხოვდნენ 2022 წელს რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იყო გარე ძალებს აყოლილი ოპოზიციის მხრიდან ქვეყნისთვის ზურგის ქცევა და მისი ახალ, დამანგრეველ ომში ჩათრევის მცდელობა, ხოლო ბათუმში მიმდინარე განხილვას ქართულ „ნიურნბერგის პროცესს“ უწოდებს.
"ქურდს ქუდი ეწვისო - ქალბატონ სალომე სამადაშვილზეა ნათქვამი, ვინაიდან სწორედ ის იყო „ლელოს“ წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრისას, ვინც პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგის შეძახილებზე მითითებით, მათი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა - რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რომლებიც, სხვათა შორის, იმ მომენტში უკვე თბილისის აეროპორტში იყვნენ შეკრებილი.
ისტორიას ვერ გადაწერთ, ნათქვამ სიტყვას ვერ წაშლით. ისტერია ამას ვეღარ უშველის. მით უმეტეს, როდესაც იმავეს ითხოვდით 2022 წლის 1 მარტს პარლამენტში გამოსვლისას. შეხსენებისთვის, ეს ის დღეა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია და თავადვე დაასახელა ელჩის გაწვევის ორი მიზეზი: საქართველოს ხელისუფლების უარი მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვხედავთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობის სასოწარკვეთილ მცდელობას, გადაწერონ ისტორია და დაგვავიწყონ, როგორ აქციეს ზურგი საკუთარ ქვეყანას და გარე ძალებს აყოლილები, როგორ გვითრევდნენ ახალ, დამანგრეველ ომში.
ამიტომ არის „ბათუმის პროცესი“ ქართული „ნიურნბერგის პროცესი" - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.