ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა - რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის მხრიდან პრაგმატულ მიდგომებს მოელის.
"პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი მხრიდან დავამატებდი ერთ რამეს, რომ ჩვენ ერთნაირი მიდგომა გვაქვს ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყნებთან გვაქვს ურთიერთობა - რა მიდგომაც გვაქვს ბრიუსელთან, ის მიდგომა გვაქვს მოსკოვთან. როგორც ბრიუსელთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნება სამართლიანობას, ასევე მოსკოვთან ჩვენი ურთიერთობის პრინციპი ეფუძნებოდეს სამართლიანობას.
თუკი არის წამოყენებული პრეტენზიები, ის უნდა იყოს სამართლიანი და პრეტენზიებზე პასუხებიც უნდა იყოს სამართლიანი. ღვინოსთან დაკავშირებით განმარტა სპეციალურმა წარმომადგენელმაც და პრემიერ-მინისტრმაც, რომ წარმოდგენილი პრეტენზიები, ეს არის უსაფუძვლო საბაბი საქართველოს მიმართ და აქედან გამომდინარე, ეს არის უსამართლო.
ამიტომ, შესაბამისად, ჩვენი პასუხიც ამას ეფუძნება, რომ როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომ ის მიესალმება პრაგმატულ მიდგომას, სწორედ ეს არის, ჩვენ მოველით პრაგმატულ მიდგომებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. უპირველეს ყოვლისა, მოველით იმას, რომ ეს ურთიერთობები თუ ეს დიალოგი დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე. ამიტომ, ჩვენ ეს მიდგომა გვაქვს ყველას მიმართ. ალბათ მნიშვნელოვანი არის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისთვის, აკვირდებიან ისინი ჩვენს ურთიერთობას ბრიუსელთან, იმას თუ რა პრინციპებს ვეყრდნობით ჩვენ. ასე რომ, ეს პრინციპები შეუცვლელი იქნება, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.