25 ნოემბერი 2026,   21:31
ვრცლად
ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID-ი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში "ფერადი რევოლუციების" დაფინანსებაშია დადანაშაულებული 

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას მსოფლიო მასშტაბით "ფერადი რევოლუციების მანქანის" შექმნაში ადანაშაულებს.

USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროების შემდეგ, იკვეთება სქემა, რომლის მიხედვითაც, სააგენტო სამიზნე ქვეყნებში ხუთ ძირითად მიმართულებას აფინანსებდა: "დამოუკიდებელ" მედიას, იურისტებს, არჩევნების დამკვირვებლებს, აქტივისტების გადამზადებასა და მმართველობით მონაცემებს.

გავრცელებულ ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს.

2008-დან 2025 წლამდე, საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი "არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს" მოხმარდა.

მას შემდეგ, რაც საქართველომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უცხოური დაფინანსების გასაჯაროების დავალდებულება სცადა, ამავე ქსელმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები წამოიწყო.

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დროს, რომელმაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეცვალა, სწორედ USAID-ისა და NED-ის სახსრებით შეიქმნა შესაბამისი ქსელი.

USAID-ის მიერ მხარდაჭერილმა "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) 3 000 დამკვირვებელი მოამზადა და ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა, რომელმაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. სააგენტო ასევე აფინანსებდა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს", რევოლუციის შემდეგ კი "თავისუფლების ინსტიტუტის" აქტივისტებმა მაღალი სახელმწიფო თანამდებობები, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოში, დაიკავეს.

პოსტში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც USAID-ის დაფინანსება შემცირდა, მემარჯვენე კანდიდატებმა გაიმარჯვეს ბოლივიაში, ჩილეში, ჰონდურასში, კოსტა-რიკაში, პერუში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

პოსტის ავტორი ასევე აკრიტიკებს აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას და ამტკიცებს, რომ, ძალაუფლების სრულად დაბრუნების შემთხვევაში, ისინი მსგავს პრაქტიკას - მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და მედიის ფარულ თანამშრომლობას - კიდევ უფრო მასშტაბურად გამოიყენებენ.

დღის ამბები