საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოში სუროგაციის შესაძლო აკრძალვისა და საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ჩართულობის შესახებ ისაუბრა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საკითხის განხილვისას დისკუსიაში სასულიერო პირები აქტიურად მონაწილეობდნენ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყოველთვის ცდილობს, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას, საპატრიარქოს პოზიცია გაითვალისწინოს და მათ მოსაზრებებს ანგარიში გაუწიოს.
"ამაში არათუ ცუდი არ არის არაფერი, არამედ ლოგიკურია, რომ საქართველოში ეკლესიის როლის გათვალისწინება უნდა მოხდეს. მათი პოზიციისა და შეხედულებების მხედველობაში მიღება, დისკუსიაში მათი მოსმენა, გაანალიზება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია.
გადაწყვეტილების მიღების დროს საპატრიარქოს მოსაზრების მოსმენა აბსოლუტურად ლოგიკური, გონივრული და მართებული მიდგომაა, ხელისუფლება ამას ყოველთვის ურყევად მისდევს. ამ მიდგომას იყენებს ყველა თავის გადაწყვეტილებაში და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკლებლივ ყველა საკითხში ემთხვეოდეს შეხედულებები, მაგრამ ვცდილობთ, პატივისცემით ვიყოთ განწყობილი საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ. ვცდილობთ, ანგარიში გავუწიოთ მათ - ასეც ვიქცევით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.