25 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მივმართავ პრეზიდენტს, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს - გიორგი კვირიკაშვილი

"მინდა, ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა," - ამ თხოვნით პრემიერმინისტრი პრეზიდენტს მიმართავს. 

პრემიერმინისტრის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"მინდა, განცხადება გავაკეთო აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და აღვნიშნო, რომ ეს, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.

"ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.

"ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და დღეს ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს. ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

"აქვე მინდა, დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა," - ნათქვმია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

 

 

დღის ამბები