02 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ჩაშლილი სხდომა პარლამენტში - ოპოზიცია უმრავლესობას პულტებით მანიპულირებაში სდებს ბრალს

პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ სხდომა ჩაიშალა. ოპოზიციამ საქართველოს ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსის ხმის მიცემის დროს პულტებით მანიპულირების ფაქტი გამოააშკარავა. როგორც ირკვევა მმართველი პარტიის დეპუტატები, სხვა კოლეგების პულტებს იყენებდნენ.  

პარლამენტის ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტარებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ტაბლოზე დაფიქსირდა 87 დეპუტატი, ხოლო დარბაზში რეალურად 71 დეპუტატი იმყოფებოდა. ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სხდომა უფლებამოსილი არ არის და კენჭისყრაც არ უნდა ტარდებოდეს.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსის კენჭისყრის დროს უმრავლესობის წევრების მხრიდან პულტებით მანიპულირება მოხდა.

უმრავლესობაში კი ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებენ. მმართველი გუნდის წევრები ამ ფაქტს გაუგებრობას უწოდებენ და ტექნიკური პრობლემების არსებობით ხსნიან.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, ოპოზიციის ბრალდებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ პარლამენტარის, ნუკრი ქანთარიას ბარათი რეგისტრაციის რეჟიმში დარჩა.

თავად, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი, ნუკრი ქანთარია, „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მისი სახელით ხმის დაფიქსირება ტექნიკური ხარვეზის ბრალია.

ხვალ ხმების მოგროვების შემთხვევაში, საგაზაფხულო სესიის დახურვაა დაგეგმილი.

დღის ამბები