საქართველოს რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომლები შეცვლილ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. დასაქმებულების განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მათ მოულოდნელად განუმარტეს, რომ მათი სამუშაო ადგილი კახეთის ნაცვლად დედაქალაქი იქნებოდა.
რკინიგზელების თქმით, მათ ადმინისტრაციას განუმარტეს, რომ საცხოვრებლის, ტრანსპორტირებისა და კვების საკითხის მოგვარების გარეშე, რეგიონიდან მოშორებით მუშაობას ვერ შეძლებდნენ. ადმინისტრაციამ კი მოლაპარაკების ნაცვლად ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილების შესაცვლელად პროფკავშირები ადმინისტრაციას შვიდი დღის ვადას აძლევს, რის შემდეგაც რკინიგზელები შიმშილობას დაიწყებენ.
„ირღვევა შრომის კოდექსი, ირღვევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლა. პრაქტიკულად ეუბნებიან ადამიანებს, რომ წადით სამსახურიდან, გამომდინარე იქიდან, რომ უცვლიან დისლოკაციის ადგილს,“ - განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა ვიტალი გიორგაძემ.