02 მაისი 2024,   21:58
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებების პროექტი პარლამენტში - ოპოზიცია ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხს ითხოვს

სამთავრობო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი დღეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს. თუმცა, ამ დრომდე კვლავაც უცნობია, როგორია ცვლილებების შინაარსი. კერძოდ, არ არსებობს ოფიციალური ახსნა განმარტება, თუ როგორ მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია და რა თანხები დაიზოგება სამინისტროების გაერთიანების შემდეგ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები მექანიკური გაუქმებებია.

„როგორც ჩანს, ეს სამინსიტროები უბრალოდ, დეპარტამენტის სახით შეუერთდება სხვა სამინისტროებს და არანაირი გააზრებული გეგმა შესაბამისი, ხელისუფლებას დღეს არ აქვს,“ - აცხადებს სამადაშვილი.

სამადაშვილი განმარტავს, რომ ამ ცვლილებების მიმართ სხვა მოტივაცია დგას და საკადრო გადაადგილებები ივანიშვილის ინტერესებში შედიოდა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, ირაკლი აბესაძისთვის საინტერესოა, როგორ მოახერხებს ხელისუფლება საკადრო ცვლილებებით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას.

„ამ შეკითხვებზე, ჯერჯერობით, პასუხი არ არის, არც საკადრო მიმართულებით არ შეიძლება ცვლილებების მხარდაჭერა, მითუმეტეს, ასეთ ბუნდოვან ვითარებაში, შეუძლებელია ნდობა გამოუცხადო „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდს,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები