17 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
დაშავებულები, ბარიკადების გარღვევის მცდელობა, ჩამსხვრეული მინები, დაზიანებული კამერები - გასული ღამის საპროტესტო აქციის ქრონოლოგია

დემონსტრანტებსა და პარლამენტის ეზოში განთავსებულ სპეცრაზმს შორის თითქმის 9 საათიანი დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი, 9 აპრილის, ყოფილი ჩიტაძის ქუჩა იყო.

აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს პარლამენტის შენობის მინები, დააზიანეს კამერები. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ისროდნენ ქვებს, ჯოხებსა და ბოთლებს. წინააღმდეგობას წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები მოუყვა. მათ შორის ცრემლსადენი გაზი და ქაფი.

აქციის მონაწილეებისთვის მოვლენათა ეპიცენტრად შენობის ჭიშკარი მას შემდეგ იქცა, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო დატოვეს. ამ წერტილში ვითარება ღამის განმავლობაში არაერთხელ დაიძაბა.

ბარიკადების გარღვევის მცდელობა იყო პარლამენტის წინა მხარესაც. რუსთაველის გამზირზე მყოფ მომიტინგეთა ნაწილი შენობის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდა. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება დემონსტრანტებს შორისაც.

გვიან ღამით გავრცელდა პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა. სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს ძალისმიერი ქმედებებისგან თავის შეკავება სთხოვა და თქვა, რომ ბრძოლის გზა არჩევნებზე გადის.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ეზოში მყოფმა სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს. დემონსტრანტების ეს მტკიცება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. სპეციალურ ბრიფინგზე ძალოვანი უწყების მინისტრის მოადგილემ აქციის ყველა მონაწილეს მოუწოდა, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

დემონსტრანტების ნაწილმა გვიან ღამით რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები სანაპიროზე მსვლელობით მივიდნენ. მათ სავალი გზა გადაკეტეს.

პროტესტს მოჰყვა დაკავებაც. ღამით სამართალდამცველებმა სულ 5 პირი აიყვანეს.

გასულ ღამით, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დაშავებული 15 მოქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. დაშავებულთა შორის არის "რუსთავი ორის" ოპერატორიც. ლევან მელიქიძემ ხელი დაიზიანა - მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც.

აქცია რომელიც გამთენიისას დასრულდა, ტრადიციულად საღამოს შვიდი საათიდან დაიწყო, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს ისევ ორგანიზატორებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიმართეს, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი და მოთხოვნა უცვლელი - ხელისუფლებამ "გამჭვირვალობის" კანონი უკან გაიწვიოს.

დღის ამბები