
This is a modal window.
სკოლებში გახშირებული სისხლიანი გარჩევების ფონზე, მანდატურების უფლებამოსილებები გაიზრდება. ცვლილებების მიხედვით, მანდატურებს მიეცემათ ცალკეულ შემთხვევებში მყისიერი რეაგირების შესაძლებლობა.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა ამ წუთებში მიმდინარეობს და შეხვედრას რამდენიმე უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.
მანდატურებს ასევე, საშუალება ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში სკოლის გარე პერიმეტრზეც იმოქმედონ. ამასთან სკოლების შიდა და გარე პერიმეტრი აღიჭურვება სათვალთვალო კამერებით.
კანონპროექტის მიხედვით, მანდატურებს უფლება ექნებათ, რომ კონფლიქტი მოაგვარონ ადგილზე და ასევე, დროებით დააკავონ მოზარდი მშობლის მისვლამდე.
ასევე, მოხდება რისკ ჯგუფების გამოვლენა და ყველა ის მოსწავლე, რომელიც რაიმე დაპირისპირებაში იქნება შემჩნეული, ისინი აღირიცხებიან და საპატრულო პოლიციასთან ერთობლივი მუშაობით მოხდება რეაგირება.
ასევე, უფრო ინტენსიური გახდება საპატრულო პოლიციის პატრულირება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, სკოლებში გახშირებული გარჩევების ფონზე მანდატურმა ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო უნდა უზრუნველყოს.
„შინაარსი არის უსაფრთხო სკოლის, უსაფრთხო გარემოს, ბავშვებისთვის არაძალადობრივი გარემოს შექმნა და მაქსიმალური პრევენცია, რომ თავიდან ავირიდოთ ისეთი ტიპის ძალიან სახიფათო ფაქტები, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვიყავით. ის ბავშვები, რომლებიც შესაძლოა, იყვნენ დარღვევის ინიციატორები ან შესაძლოა, რაიმე საეჭვო ან კანონსაწინააღმდეგო საგნებს ატარებდნენ, ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მოქმედებდეს მანდატური,“ - განცხადა ეკა ბესელიამ.