02 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი - ოპოზიცია გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობს 

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი უნდა დამტკიცდეს. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ხმაურიან სხდომას პროგნოზირებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ყურადღებას გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე ამახვილებენ.

„ეს ბიუჯეტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდას, ფუფუნების ხარჯების გაზრდას, წარმომადგენლობითი ხარჯების გაზრდას, რაც არ ასახავს  იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებმაც თუნდაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ინტერესების დამცველი იქნებოდა ეს პოლიტიკური გუნდი,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა მარიკა დათუკიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“  წევრებსაც მიაჩნიათ, რომ 2018 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს.

„აღნიშნული ბიუჯეტი მორგებულია ბიუროკრატებზე, ისევ იზრდება ფუფუნების საგნებზე გამოყოფილი თანხები. რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი შეკითხვები, ჩვენი მოსაზრებები და კარგი იქნება თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ჟღენტი.

თითქმის 900 მილიონის ოდენობის ბიუჯეტის პროექტით კმაყოფილია "ქართული ოცნება".

„2018 წლის თბილისის ბიუჯეტი დამატებით 34 მილიონი ლარით იზრდება, რაც  მოხმარდება იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას, რაზეც ჩვენ საზოგადოებას წინასაარჩევნოდ ვესაუბრებოდით, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. აღნიშნული თანხით მოხდება 2018 წელსვე 100 ახალი ევროპული ტიპის ავტობუსის შეძენა,“-აცხადებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი ვახტანგ შაქარიშვილი.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები თბილისის გენერალური გეგმის პროექტსაც განიხილავენ.

დღის ამბები