15 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
მსოფლიო იტალიის გარეშე - ლეგენდა ცრემლებით წავიდა

რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ნაკრების გარეშე ჩატარდება. სკუადრა აძურა ორი მატჩის ჯამში 1:0 დამარცხდა შვედეთთან და მუნდიალზე ვერ იასპარეზებს, რაც 1958 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

შვედეთში 1:0 წაგებული მატჩის შემდეგ  იტალიამ მეტოქეს სან სიროზე უმასპინძლა. 4-გზის მსოფლიო ჩემპიონები სათამაშო უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და იტალიაში საფეხბურთო ტრაგედიაა.

მატჩის შემდეგ ემოციური განცხადებები გაკეთდა. ჯანლუიჯი ბუფონმა ცრემლები ვერ შეიკავა.

"ეს დიდი იმედგაცრუებაა. მე ვტირი არა ჩემ გამო, არამედ იტალიური ფეხბურთის გამო. ჩვენ ვერ შევასრულეთ დავალება. ეს მატჩი იტალიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. სამწუხაროა, რომ ჩემი უკანასკნელი შეხვედრა იტალიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლით დასრულდა.

იტალიის ნაკრებს აქვს მომავალი. ჩვენ გვაქვს სიამაყე, შესაძლებლობა, სიმტკიცე, შეუპოვრობა და მიუხედავად რთული პერიოდისა, აუცილებლად დავბრუნდებით. მე ვტოვებ ნაკრებს ჯიჯი დონარუმასა და მატია პერინის იმედად. მინდა ჩავეხუტო კიელინის, ბარძალის, ბონუჩის - მათთან ერთად 10 წელი ვთამაშობდი. მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად იყო ამ დროის განმავლობაში. ფეხბურთში იგებს და აგებს გუნდი. მწვრთნელი კი ამ გუნდის ნაწილია - განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.

ბუფონის განცხადების შემდეგი სანაკრებო კარიერა დანიელე დე როსიმ, ჯორჯო კიელინიმ და ანდრია ბარძალიმაც დაასრულეს.

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა, ჯამპიერო ვენტურა  განაცხადა, რომ მას ჯერ გადადგომის გადაწყვეტილება არ მიუღია.

"არ გადავმდგარვარ, რადგან ფედერაციის პრეზიდენტს ჯერ არ დავლაპარაკებივარ. ბოდიშით, მეჩქარება, ყველა ფეხბურთელს, რომელთანაც ერთად ვმუშაობდი, მინდა დაველაპარაკო. ფეხბურთში დიდი ხანია ვმოღვაწეობ და ვიცი, რა მძიმე შედეგი მივიღეთ.

ვამაყობ ამ გუნდის წევრობით. დიდი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ მთავარი შედეგია. ახლა ჩემს გადადგომაზე მსჯელობის დრო არაა. შევხდები პრეზიდენტს და ყველაფერს განვიხილავთ. დაველაპარაკები და მოვუსმენ. მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმები," - განაცხადა ვენტურამ. 

დღის ამბები